ანალიტიკურ ცენტრ ჯეოქეისსა და ტოკიოს უნივერსიტეტის მოწინავე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევით ცენტრს (RCAST) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანს კვლევითი თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენს.
აღნიშნული პარტნიორობა ფოკუსირებული იქნება ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებისა და სხვა საერთო ინტერესის სფეროების მიმართულებით კვლევითი საქმიანობის წარმოებაზე, რაც ჯეოქეისისა და RCAST-ის ეკონომიკური უსაფრთხოების დაზვერვის ლაბორატორიის თანამშრომლობით განხორციელდება. მხარეები იმუშავებენ ერთობლივ კვლევით ინიციატივებზე, მოხდება მკვლევართა გაცვლა, კონფერენციებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, ასევე ჩატარდება სხვადასხვა აკადემიური ღონისძიებები.
ჯეოქეისი და ტოკიოს უნივერსიტეტის მოწინავე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრი (RCAST) მიზნად ისახავენ ძალისხმევის გაერთიანებას, რათა მნიშვნელოვნად განავითარონ აკადემიური რესურსების გაცვლა და ხელი შეუწყონ ეკონომიკური უსაფრთხოებისა და მასთან დაკავშირებული გლობალური გამოწვევების შესახებ კვლევითი დიალოგის გაღრმავებას.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ანალიტიკურ ცენტრ ჯეოქეისის თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა და ტოკიოს უნივერსიტეტის მოწინავე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის (RCAST) დირექტორმა მასაკაზუ სუგიამამ.