საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისულ პროგრამაზე, ცალკეულ უცხოურ გამოცდილებასა და პარალელებზე, ასევე ჩვენი ქვეყნის პოსტ-პანდემიური პოზიციონირების ზოგიერთ ასპექტზე, „ინტერპრესნიუსი“ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარეს, ვიქტორ ყიფიანს ესაუბრა.
"ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა, აღნიშნა: “რეალურად ჩვენ მოწმენი ვართ იმ იშვიათი პრეცედენტისა, როდესაც დროის ერთ კონკრეტულ მონაკვეთში მოხდა სამი ნაირსახეობის მეგაგამოწვევის, სამი კატეგორიის კრიზისის ურთიერთგადაკვეთა და თავმოყრა... ვიმკით ღრმა ჩავარდნას გლობალურ ჯანდაცვაში, თვალს ვადევნებთ მსოფლიო ეკონომიკურ და სავაჭრო სისტემაში ძირეულ გადაჯგუფებას, ხოლო დასასრულს და უკვე დასახელებულთან ერთად - ვმონაწილეობთ საერთაშირისო ურთიერთობათა არსებული არქიტექტურის გადაწყობაში“. მისი თვალთახედვით, თანამედროვე ადამიანს უწევს გამკლავება არა რაღაც კონვენციურ, ტიპიური ხასიათის რეცესიასთან, არამედ ღრმა და ყოვლისმომცველ საფრთხესთან, რომელიც ემუქრება მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა გეოგრაფიასა თუ კულტურას, დამანგრევლად ზემოქმედებას ახდენს წარმოებისა თუ მომსახურების თითქმის ყველა სეგმენტსა თუ ინდუსტრიაზე.
ვიქტორ ყიფიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმაზე. „ქართული ანტიკრიზისული პროგრამის ყველა უცხოურმა ანალოგმა პრაქტიკულად გვერდი აუარა გრძელვადიან ეკონომიკურ ან სისტემურ კომპონენტებს და დიდწილად აქცენტი ადამიანისა და ბიზნესის კრიზისის პირობებში გადარჩენაზე გააკეთა მხოლოდ. ამ გზით წავიდა ამერიკის შეერთებული შტატები, ამავე გზით მიდის ევროპული კავშირი... საქართველოს მთავრობამაც ასეთივე მიდგომა არჩია სახელმძღვანელოდ და მისი ეს არჩევანი სავსებით ლოგიკურია“ - დასძინა მან.
ამასთანავე, ვიქტორ ყიფიანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ აუცილებელია ქვეყნის მოდერნიზებასა და ნახტომისებურ განვითარებაზე ორიენტირებული პოსტ-კრიზისული გეგმის შექმნა, რაც საქართველოს მეგზურობას გაუწევს პოსტ-პანდემიურ სამყაროში ფუნქციონალურად გამართული ეროვნული სახელმწიფოს დასამკვიდრებლად.
გაეცანით ინტერვიუს