ინტერვიუ „ჯეოქეისი“-ს მკვლევართან, ხათუნა ბურკაძესთან, პოსტ-პანდემიურ პერიოდში საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე

ნატო-ს მიერ კორონავირუსთან ბრძოლის და პანდემიის ფონზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ მკვლევარს, პროფესორ ხათუნა ბურკაძეს ესაუბრა.


ხათუნა ბურკაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გლობალური გამოწვევების მიუხედავად ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და მკაფიოდ მიანიშნებს მის როლზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში. „ნატო-ს ონლაინ საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება არა მხოლოდ გაზრდის საქართველოს შესაძლებლობებს უკეთ გაუმკლავდეს ჰიბრიდულ და სხვა გამოწვევებს, არამედ ხელს შეუწყობს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გაღრმავებას“ - დასძინა მან. 


„ჯეოქეისის“ მკვლევარმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა, რომ ნატო-სთვის შავი ზღვის რეგიონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რაც ალიანსის არაერთ განცხადებასა და ინიციატივაში აისახა. ერთიანი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის საბოლოოდ ფორმირება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია. მისი აზრით,  ამის დასტურია, მსოფლიოსა და საქართველოში კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ვიზიტი საქართველოში. წვრთნების მიზანი გახლდათ ნატო-სა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება. 


ხათუნა ბურკაძემ პოსტ-პანდემიურ პერიოდში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესაძლო პრიორიტეტებზეც ისაუბრა. ის თვლის, რომ ნატო  დიდი ალბათობით გააძლიერებს გამოწვევების შეკავებისა და მათზე დროული რეაგირების მექანიზმებს, ასევე ხელს შეუწყობს წევრ ქვეყნებში მედეგობის უზრუნველყოფას სხვადასხვა სფეროში - კომუნიკაციები, მმართველობა, ინფრასტრუქტურა და სხვა.


ამასთანავე, მან ყურადღება გაამახვილა პანდემიის შესაძლო გეოპოლიტიკურ ეფექტზე. „თუმცა ის არ აისახება ნატო-საქართველოს თანამშროლობაზე, რაც ალიანსმა ონლაინ საგარეო მინისტერიალზე დაადასტურა საქართველოსთვის დამატებითი ღონისძიებების შეთავაზებით, რათა საქართველომ რეფორმების გზით მომავალში შეძლოს ალიანსის სრულფასოვანი წევრობა. მეტიც, პოსტ-კორონავირუსულ პერიოდში ნატო-ს მიერ მიდგომების გადახედვამ შესაძლოა ალიანსის გაფართოების პროცესი დააჩქაროს“ - დასძინა მან. 

 


გაეცანით ინტერვიუს 

გააზიარე: