ინტერვიუ „ჯეოქეისი“-ს მკვლევართან, ხათუნა ბურკაძესთან ანტიკრიზისულ და პოსტ-კრიზისულ პერიოდებში ევროკავშირის მიერ საქართველოს დახმარებაზე

საქართველოს ევროპული პერსპექტივის, საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგისა და კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგების დასაძლევად ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ მკვლევარს, პროფესორ ხათუნა ბურკაძეს ესაუბრა.


„ჯეოქეისის“ მკვლევარმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა: “ეფექტიანი ევროპული ერთობა მნიშვნელოვანი მაგალითია სხვა სახელმწიფოებისთვის, თუ როგორ შეიძლება თანამშრომლობის, სოლიდარობის გზით მეტი შესაძლებლობების შექმნა ეროვნული სისტემების ეკონომიკური, პოლიტიკური და სამართლებრივი განვითარებისთვის და ამავდროულად, მათი ინტეგრაცია საერთო ფასეულობებზე დაფუძნებულ გაერთიანებაში”. “ბუნებრივია, საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ევროპის კავშირში სრულფასოვანი ინტეგრაცია. ჩვენი ისტორიული არჩევანი საქართველოს კონსტიტუციით - ქვეყნის უზენაესი კანონითაა განმტკიცებული, რაც გულისხმობს კონსტიტუციური ორგანოების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომის მიღებას ევროკავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად” - დასძინა მან.


ხათუნა ბურკაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ კრიზისის პერიოდშიც ევროკავშირი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია, რომელმაც სხვადასხვა ტიპის მასშტაბური დახმარება გაუწია ქვეყანას Covid-19-ის თანმხლები გამოწვევების დასაძლევად. ყოველივე ეს ცხადყოფს, რომ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. მისი თვალთახედვით, უმნიშვნელოვანესია საქართველომ შეძლოს ევროკავშირისგან პოლიტიკური დაპირების მიღება გაერთიანების წევრობაზე. ეს იქნება გარდამტეხი იმპულსი იმ პროცესის დასაწყებად, რომლის წარმატებით დასრულების შედეგად საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდება. ეს კი თავის მხრივ გაზრდის საქართველოს, როგორც საერთაშორისო აქტორის როლს რეგიონის მშვიდობისა და განვითარების პროცესში.


„ჯეოქეისის“ მკვლევარი, პროფესორი ხათუნა ბურკაძე მიიჩნევს, რომ “ჭკვიანი სოფლების“ კონცეფციის განხორციელება შესაძლოა გახდეს წინაპირობა პოსტ-პანდემიურ პერიოდში „ევროპული სოფლების“ იდეის განხორციელებისა, რაც გულისხმობს ევროპული სტანდარტებითა და ინოვაციური მიდგომებით ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ევროკავშირის ბაზრის მეტად ათვისებას და შესაბამისად, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უფრო ეფექტიან იმპლემენტაციას.


ხათუნა ბურკაძე დასძენს: „ევროკავშირის გზავნილი ,,ერთად უფრო ძლიერები ვართ“ აჩვენებს, რომ ევროინტეგრაციის 70-წლიანმა ისტორიამ სოლიდარობით, თანამშრომლობით მშვიდობასა და განვითარებას მიაღწია. ასევე, შესაძლოა, პოსტ-პანდემიურმა პერიოდმა ბიძგი მისცეს არაორდინალურ მიდგომებს, მათ შორის ევროკავშირის გაფართოების კონტექსტშიც, რაც გაზრდის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას გახდეს იმ ერთობის სრულფასოვანი წევრი, რომელიც დღეს 27 ევროპულ სახელმწიფოსა და 450 მილიონ ადამიანს აერთიანებს“.

 

გაეცანით ინტერვიუს

 

გააზიარე: