"ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა „ღია ეთერში“ „გორბის“ კვლევის შედეგები შეაფასა

ავტორი:

"ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა, „იმედის“ არხზე  გადაცემა „ღია ეთერში“ „გორბის“  კვლევის შედეგების შეფასებისას,  აღნიშნა: „სოციოლოგიური გამოკითხვა საინტერესოა იმათთვის, რომლებიც არსებულ რეალობაში დარჩნენ, ხოლო აღნიშნული შედეგები უბიძგებენ იმ ადამიანებს, რომლებიც რეალობას მოწყდნენ, დაუბრუნდნენ მოცემულ ვითარებას. შესაბამისად, სწორად უნდა მოხდეს კოვიდ-19-თან ბრძოლის პროცესის პირველი ტალღის შეფასება“. მან მოიყვანა სამხრეთ კორეის მაგალითი, სადაც პანდემიასთან სათანადო გამკლავებამ გამოიწვია ხელისუფლების რეიტინგის ზრდა. 


ვიქტორ ყიფიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსის სისწორეზე და დასძინა, რომ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთგულია, რაც კონკრეტულ ნაბიჯებში, გადაწყვეტილებებში ვლინდება. კერძოდ, მან ისაუბრა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაც აისახა „საქართველოს მხარდაჭერის აქტში“, ფისკალურ კანონმდებლობასა და მთელ რიგ რეზოლუციებსა თუ შეთანხმებებში. 


ვიქტორ ყიფიანის განცხადებით: „შედეგს უნდა ვენდოთ და მივმართოთ მთელი ძალისხმევა  პრობლემური სფეროებისკენ. პოლიტიკურმა კონიუქტურამ არ უნდა გვიღალატოს შეფასებებში. საერთო ეროვნულ წარმატებაში საკონტროლო პაკეტი ქართველ ხალხს ეკუთვნის. საჭიროა სტანდარტების შეცვლა სახელმწიფოებრივ აზროვნებაში. პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილე ქვეყნის საერთო მიღწევებს უნდა მიესალმებოდეს“. „თანამედროვე სამყარო არაპროგნოზირებადია.  კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, მმართველი ძალა ფხიზლად უნდა იყოს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს  დამსახურებული მოწინავე პოზიციები, ხოლო ოპოზიციამ ბევრი უნდა იმუშავოს, რომ მიღწევები შედეგებში ასახოს“ - დასძინა მან.  

 

თუ გსურთ, იხილოთ ინტერვიუს ჩანაწერი, დააჭირეთ აქ
 

გააზიარე: