"ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა რადიო-გადაცემაში "საღამოს არხი" შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე ისაუბრა

ავტორი:

"ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა აღნიშნა: “შავი ზღვა, როგორც არასდროს გახდა მსხვილი გეოპოლიტიკური ინტერესების დაჯახების არეალი. ცივი ომის შემდგომმა პერიოდმა ბევრი პასუხგაუცემელი კითხვები დაგვიტოვა. ასევე, გასაანალიზებელია პოსტ-პანდემიური პერიოდი. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის დღევანდელი მოცემულობა. ამავდროულად, ცნობილია რუსეთის ინტერესი შავი ზღვის რეგიონის მიმართ. გარდა ამისა, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ჩინეთის ფაქტორი. ამ კონტექსტის გათვალისწინებით კი შესაბამისი რეაგირება გვმართებს. მით უფრო, რომ საქართველოს მდებარეობა გულისხმობს არა მხოლოდ  შესაძლებლობების, არამედ  რისკების გაანალიზებას. ეს აისახება ტერმინ ბუფერულ ზონაში, რაც ნიშნავს შუაში მდებარე სახელმწიფოს. ჩვენს ხელმარჯვნივ და ხელმარცხნივ მყოფი სახელმწიფოები განსხვავდებიან ერთმანეთისგან პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი სისტემებით.“ „დღეისათვის, შავ ზღვაზე და მის ირგვლივ შექმნილი ვითარება იმგვარია, რომ პრაქტიკულად ჩვენს თვალწინ ვხედავთ ახალი „რკინის ფარდის“ აღმართვას და ეს ფარდა სწორედ ჩვენს რეგიონს კვეთს,“- დასძინა მან.


"ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონში თურქეთის როლსა და მონტროს კონვენციაზე. მისი თვალთახედვით, „თურქეთი რეგიონალურ ზესახელწიფოდ იქცა. ჩვენ ვხედავთ აქტიურ თურქეთს ხმელთაშუაზღვაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, რაც მზარდ თურქულ ამბიციაზე მეტყველებს. ასევე, მან   შავი ზღვის რეგიონში რუსეთის ინტერსებზე ისაუბრა“. 


გარდა ამისა, ვიქტორ ყიფიანმა სტამბოლის ახალი პროექტის იმპლემენტაციისა და მასზე მონტროს კონვენციის გავრცელების შესაძლებლობები გაანალიზა.  


ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა:  „ფრთხილი ოპტიმიზმის იმედს იძლევა დასავლელი ანალიტიკოსების გახშირებული დისკუსია ჩვენი რეგიონის დანიშნულებაზე და განსაკუთრებით მხარდასაჭერია იდეა „აღმოსავლეთევროპული ახალი სტრატეგიის“ ე.წ. „ერთი ფლანგის, ერთი საფრთხის და ერთი წარმომადგენლობის“ პრინციპზე დასაფუძნებლად. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ორმხრივ დონეზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზე და მაგალითის სახით ამერიკასა და  კორეის რესპულიკასთან დადებული ხელშეკრულება მოიხსენია. 

 

იხილეთ ჩანაწერი
 

გააზიარე: