ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისი“-ს ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახაბერ კუჭავას მონაწილეობით, ონლაინ დისკუსია გაიმართა. ონლაინ შეხვედრის თემა გახლდათ „საქართველოს საარჩევნო რეფორმის საგარეო და საშინაო განზომილებანი“.
"ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა აღნიშნა: „მოქმედ კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებები რიგითი ხასიათის შესწორებებს არ წარმოადგენს. ეს არის თვისობრივად განსხვავებულ მოდელზე გადასვლა, რაც ასევე უკავშირდება ქვეყანაში მყარი პოლიტიკური და პარტიული სტანდარტების ფორმირებას, ქვეყნის საშინაო და საგარეო კურსის განსაზღვრაში თანამონაწილეობისათვის ფართო შესაძლებლობების უზრუნველყოფას. სწორედ ასეთი მაღალი მიზნიდან გამომდინარე, ძალზე სასურველი იყო საკონსტიტუციო ცვლილებებზე საპარლამენტო განხილვებში ყველა ძირითადი პოლიტიკური ძალის ჩართულობა. საარჩევნო დღის წესრიგთან ერთად, ეს ასევე კარგი გზავნილი იქნებოდა ქართულ პოლიტიკურ კულტურაში ახლებური ქცევის კოდექსის დამკვიდრების მზაობისათვის. ამიტომაც, სრულიად გასაგებია ის სინანული, რაც ჩვენი ქვეყნის პარტნიორი ქვეყნების დიპლომატებმა გამოთქვეს ამ პროცესისგან ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების გვერდზე გადგომის გამო. ისევე როგორც გასაგებია და თანაბრად აღსანიშნია მათი მხრიდან ის პოზიტიური შეფასება, რაც ამ ცვლილებების მიღების შედეგად დაფიქსირდა“.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახაბერ კუჭავას განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობა, ასევე პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორები მიესალმებიან რეფორმების პაკეტის წარმატებით მიღებას და ამ პროცესს განიხილავენ, როგორც ისტორიულ მომენტს საქართველოს თანამედროვე საპარლამენტო ცხოვრებისთვის.
„ჯეოქეისი“-ს მკვლევარმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებმა ხელი უნდა შეუწყონ საქართველოს დემოკრატიის მდგრადობას. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გლობალური კრიზისის პირობებში საქართველო არა მხოლოდ გაუმკლავდა კოვიდ19-ის პანდემიის პირველ ტალღას, არამედ შეძლო მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმის განხორციელება. „საარჩევნო ცვლილებები უნდა იყოს წინაპირობა საქართველოს მიერ მიღწეული შედეგების შენარჩუნებისა და რეფორმების გაგრძელებისა, რაც აუცილებელია ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის,“ - დასძინა მან.
„ჯეოქეისი“-ს მკვლევარის, ბაჩო თორთლაძის განცხადებით, საარჩევნო კამპანიისა და კენჭისყრის დღის საქართველოს კანონმდებლობის, ევროპის საბჭოსა და ეუთო ოდირის სტანდარტების შესაბამისად წარმართვისთვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია წინასაარჩევნო პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაცია და საზოგადოების კონსოლიდირება ძირითადი საარჩევნო პრინციპების გარშემო. ამ მიმართულებით პასუხისმგებლობა ეკისრებათ პოლიტიკურ პარტიებსა და მედიას. აქცენტი პერსონალური პოლიტიკური თავდასხმებიდან უნდა გადავიდეს თემატურ დებატებზე. მნიშვნელოვანია, რომ ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებული მედია ორგანიზაციები შეთანხმდნენ იმ მინიმალურ სტანდარტზე, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო საკითხების მეტ-ნაკლებად დაბალანსებულ გაშუქებას.
სექტორი3-ის თავმჯდომარემ, ქეთევან ჩაჩავამ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებისა და არჩევნების თანმდევი გამოწვევების შესახებ ისაუბრა.
ონლაინ დისკუსიის ჩანაწერის ნახვა