„ჯეოქეისის“ ორგანიზებით ონლაინ განათლებაზე დისკუსია გაიმართა

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ორგანიზებით ონლაინ დისკუსია  თემაზე: „პანდემიური და პოსტ-პანდემიური ონლაინ განათლების შესაძლებლობები და გამოწვევები“ გაიმართა. 


„ჯეოქეისი“-ს მკვლევარმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ ონლაინ განხილვას მოდერატორობა გაუწია. 


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ქალბატონმა ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა: „მოგეხსენებათ, რომ ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სწავლის პროცესი მთლიანად გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე. მსოფლიო პანდემია იყო ახალი გამოწვევა თითქმის ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი განათლების მიმართულებით. მიუხედავად ამისა, განათლების სისტემამ და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მოახერხეს მოცემულ ვითარებაში ადაპტირება, დროულად და ეფექტიანად გადაეწყვნენ დისტანციური სწავლების რეჟიმზე, გამოიყენეს სამინისტროს მიერ შეთავაზებული ყველა რესურსი და შედეგად წარმატებით დაასრულეს სემესტრი“.


„ბუნებრივია, ეს არ იყო ადვილი და ამ უდიდესი ძალისხმევისთვის, კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდი უნივერსიტეტების რექტორებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს", - დასძინა ნუნუ მიცკევიჩმა. 


„ჯეოქეისი“-ს მკვლევარმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ ონლაინ განათლების განვითარების ხუთპუნქტიან გეგმაზე ისაუბრა. „პირველი, მნიშვნელოვანია იმ ინიციატივების შემუშავება, რომლებიც  განათლების სტრატეგიაში ონლაინ სწავლების როლს მეტად გამოკვეთს მომავალში, განსაკუთრებით კრიზისის ეფექტიანად მართვის პროცესში. მეორე, აუცილებელია საყოველთაო ინტერნეტიზაციასთან დაკავშირებული პროექტების გააქტიურება. მესამე, სასურველია, საგანმანათლებლო სივრცეში ციფრული მმართველობის განვითარება საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, განსაკუთრებით ესტონეთის მაგალითზე. მეოთხე,  აუცილებელია საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური პერსონალის ციფრული უნარ-ჩვევების რეგულარულად განვითარება და მეხუთე, მნიშვნელოვანია ახალი დისტანციური საგანმანათლებლო პროგრამებისა და ცენტრალიზებული ონლაინ პლატფორმების შექმნა, რაც გაადვილებს საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომას“, - აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ. 


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ განაცხადა: „ის სირთულეები, რომლის წინაშეც აღმოჩნდა განათლების სექტორი დაიძლია ურთიერთთანადგომით და სოლიდარობით როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო საზოგადოებაში. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ როგორ ვიცხოვროთ ახალ სამყაროში. ინტერნაციონალიზაციის სხვა გზებზე უნდა ვიფიქროთ. უცხოელ კოლეგებთან კონსულტაციის გზით ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ დაგროვილი გამოცდილება და მეტი რესურსი და ყურადღება უნდა დაეთმოს ღია მეცნიერებას და ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარებას“. 


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ აღნიშნა: „ზოგადად საუნივერსიტეტო იდეა განიცდის კრიზისს და ესაჭიროება დროსთან ადეკვატური ინოვაციური იდეებითა და განვითარებაზე ორიენტირებული მოქმედებით განახლება.  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული მნიშვნელობა, განსხვავებული სტატუსი, ექსკლუზიური სოციალური მისია არ ამოიწურება მხოლოდ საგანმანათლებლო ფუნქციით, უპირატესობასთან ერთად, იგი არა მხოლოდ საკუთარ ბედზე, არამედ ქვეყნის ერთიანობაზე-სამშობლოზე ზრუნვის ისტორიული პასუხისმგებლობაა. ამისთვის უნივერსიტეტი შეიმუშავებს მშვიდობის ახალ ქართულ პარადიგმას - „საუნივერსიტეტო დიპლომატიას“, რამაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდა გახადოს რეგიონში სამშვიდობო განათლების ჰაბად“.


ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ენუქიძემ განაცხადა: „ონლაინ განათლება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა, კოვიდ-19-მა ზრდის ტემპი კიდევ უფრო დააჩქარა. BTU-მ უმოკლეს დროში შექმნა ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა ESx.ge,  რომლითაც სარგებლობას ჩვენი სტუდენტების გარდა სხვა დაინტერესებული პირებიც შეძლებენ და მისი განვითარების სტრაგეგია ძალიან მასშტაბურ გეგმებს აერთიანებს“. 


კავკასიის უნივერსიტეტის რექტორმა კახა შენგელიამ აღნიშნა: “ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად შეცვლიან საქართველოს განათლების სისტემას და აუცილებელია ხელი შევუწყოთ მის ანუ ტექნოლოგიების განვითარებას, რომ სწრაფად მოვახდინოთ ახალი ტექნოლოგიების ადაპტირება“.

 

იხილეთ ონლაინ დისკუსიის ჩანაწერი

გააზიარე: