„ჯეოქეისი“-ს მკვლევარმა, ხათუნა ბურკაძემ რადიო „იმედზე“ დისტანციური განათლების განვითარების ხუთპუნქტიან გეგმაზე ისაუბრა

ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა: „2017-2021 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგია განახლებას საჭიროებს. დღევანდელი ეპიდვითარებისა და მომავალი საფრთხეების გათვალისწინებით, მოქმედი განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგია არ პასუხობს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დისტანციური განათლების დანერგვისთვის აუცილებელ კონცეპტუალურ მიდგომებს. მით უფრო იმ ფონზე, რომ 2020 წლის 12 ივნისს „ზოგადი განათლების“ და „უმაღლესი განათლების“ შესახებ საქართველოს კანონებში შევიდა ცვლილებები დისტანციური სწავლების თაობაზე. განახლებულ და შემდგომ სტრატეგიებში მკაფიოდ უნდა აისახოს, თუ როგორია სახელმწიფოს კონცეტუალური ხედვა განათლების  ციფრული ტრანსფორმაციის შესახებ. სასურველია, დოკუმენტში  განისაზღვროს დისტანციური სწავლების პრინციპები, მეთოდოლოგია,  დისტანციური სასწავლო პროცესის დაგეგმვის ეტაპები, ასევე, დისტანციური განათლების თანმდევი გამოწვევები, მათი დაძლევის საშუალებები, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხელოვნური ინტელექტის დანერგვისა და განათლების ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ჰიბრიდული/შერეული სწავლების პროცესის შესაძლებლობების გამოკვეთაც. ეს ხელს შეუწყობს  გარკვეულწილად პრაქტიკაში ბალანსის დაცვას ტრადიციულ და დისტანციური სწავლების ფორმებს შორის“. 


ამასთანავე, ხათუნა ბურკაძემ განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგიის განახლების აუცილებლობასთან ერთად საყოველთაო ინტერნეტიზაციასთან დაკავშირებული პროექტების ეფექტიანი იმპლემენტაციის საჭიროებაზეც ისაუბრა.


ხათუნა ბურკაძემ განაცხადა: „საგანმანათლებლო დაწესებულებებში ციფრული მმართველობის განვითრების მიზნით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება“.  „ამ თვალსაზრისით ესტონეთის გამოცდილება თვალსაჩინოა, რადგან ესტონეთის ციფრული განათლების სისტემის წარმატება განაპირობა როგორც   საგანმანათლებლო ტექნოლოგების განვითარებამ, ისე საგანმანათლებლო სივრცის მონაწილეთა   რეგულარულად გადამზადებამ. ამავდროულად, ესტონეთმა  განათლების სისტემაში ფართოდ დანერგა ისეთი ინსტრუმენტები, როგორებიცაა: ციფრულ მონაცემთა ბაზები, ციფრული სახელმძღვანელოები, ელექტრონული სწავლების მასალები, ციფრული კლასის დღიურები,  ციფრული სწავლების  აპლიკაციები. მეტიც, ესტონეთმა განაცხადა, რომ მზად არის დაეხმაროს სხვა ქვეყნებს და მიაწოდოს ინფორმაცია მის მიერ შექმნილი ციფრული განათლების ხელშემწყობი პლატფორმების შესახებ. შესაბამისად, შეიძლება საქართველოსა და ესტონეთს შორის ორმხრივ დონეზე შეიქმნას ფორმატი დისტანციური განათლების სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად“, - დასძინა მან. 


ხათუნა ბურკაძემ დისტანციური განათლების განვითარების მეოთხე და მეხუთე მიმართულებებიც გამოკვეთა. მისი თვალთახედვით, აუცილებელია საგანმანათლებლო პროცესში ჩართული ყველა მონაწილის ციფრული უნარ-ჩვევების რეგულარულად განვითარება და ასევე, მნიშვნელოვანია ახალი დისტანციური საგანმანათლებლო პროგრამებისა და ცენტრალიზებული ონლაინ პლატფორმების შექმნა, რაც გაადვილებს საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომას. 

 

იხილეთ ინტერვიუს ჩანაწერი
 

გააზიარე: