„ჯეოქეისი’’-ს გამგეობის წევრმა, ბაქარ ფალავანდიშვილმა „ევრონიუს საქართველო’’-ს ეთერში რუსულ დეზინფორმაციასა და ლუგარის ლაბორატორიაზე განხორციელებული კიბერთავდასხმის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ რამდენიმე კვირის წინ, გერმანიის მთავრობის განცხადებით, მოწამლეს ალექსეი ნავალნი ე.წ. „ნოვიჩოკის’’ ტიპის საწამლავით. სწორედ ამ ინციდენტის შემდეგ, რუსეთის დუმის დეპუტატმა განაცხადა, რომ აღნიშნული მომწამვლელი ნივთიერება „ნოვიჩოკი’’, თითქოს, მზადდება საქართველოში, ლუგარის ლაბორატორიაში. ამ განცხადებიდან მალევე, 1-ელ სექტემბერს, ხორციელდება კიბერშეტევა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და მის სტრუქტურ ერთეულებზე, მათ შორის, ლუგარის ლაბორატორიაზე. კიბერთავდამსხმელებმა წაიღეს გარკვეული დოკუმენტაცია. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, კიბერთავდამსხმელებმა დოკუმენტები ატვირთეს ვებ-გვერდზე, სხვა გაყალბებულ დოკუმენტებთან ერთად.
ბაქარ ფალავანდიშვილმა გაიხსენა ანალოგიური შემთხვევა, როდესაც 2018 წელს დიდმა ბრიტანეთმა 2 რუს ოფიცერს ოფიციალურად წაუყენა ბრალი სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეზე. სწორედ ამ შემთხვევის დროსაც რუსეთის ოფიციალურმა პირებმა გააჟღერეს, რომ მომწამვლელი ნივთიერება „ნოვიჩოკი’’, თითქოს, საქართველოში, ლუგარის ლაბორატორიაში იყო წარმოებული.
ბაქარ ფალავანდიშვილი განმარტავს, რომ არა მარტო ლუგარის ლაბორატორია ხდება რუსეთის თავდასხმის ობიექტი, არამედ პოსტ-საბჭოთა სივრცეში არსებული სხვა ლაბორატორიებიც. „წელს, რუსეთმა ცრუ ბრალი დასდო ერთ-ერთ ლაბორატორიას ყაზახეთში, რომ თითქოსდა მათ ამერიკელებთან ერთად შექმნეს კოვიდ-19-ის ვირუსი. ასევე ცრუ ბრალდების სამიზნე გახლდათ სომხეთსა და აზერბაიჯანში არსებული ლაბორატორიები. აღსანიშნავია, რომ ყველა ამ ცრუ ბრალდებისა და დეზინფორმაციის საერთო მიზანი არის რუსული ნარატივის გაგრძელება. თავისთავად, ეს მიმართულია რუსეთის მოსახლეობაზე, ამომრჩევლებზე, რათა მათ დაიჯერონ, რომ სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში არანაკლებ ცუდი ან უარესი სიტუაციაა რუსეთთან შედარებით. ეს პროპაგანდის ნაწილია“,- დასძინა მან.
ამასთანავე, „ჯეოქეის’’-ის გამგეობის წევრმა, ბაქარ ფალავანდიშვილმა ისაუბრა რუსეთის რბილ ძალაზე და აღნიშნა, რომ ტერმინ რბილ ძალას საკმაოდ ფართო გაგება შეგვიძლია მივანიჭოთ. რბილი ძალის გამოყენება ხდება მაშინ, როდესაც სახელმწიფო არაძალისმიერი მეთოდებით, კულტურული, ისტორიული თუ პოლიტიკური ტიპის კავშირების გამოყენებით ცდილობს განაწყოს სხვა სახელმწიფოში მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი, მთავრობა ან სხვა ტიპის სტრუქტურები ერთის სასარგებლოდ და მეორეს საწინააღმდეგოდ. „აღსანიშნავია, რომ კულტურული და ასევე სპორტული მოვლენები თავისუფლად შეიძლება იქნეს გამოყენებული, როგორც რბილი ძალის გამოვლინებები, ამიტომ ისინი ყოველთვის არ არის ერთმანეთისგან გამიჯნული“, - განაცხადა მან.
იხილეთ ინტერვიუს ჩანაწერი