„ჯეოქეისის“ მკვლევარმა, გიორგი ანთაძემ, მოსკოვში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და მთიან ყარაბღში შექმნილი სიტუაციის შესახებ POSTV-ის ეთერში ისაუბრა.
„ჯეოქეისის“ მკვლევარი მიიჩნევს, რომ ასეთი მწვავე დაპირისპირების პირობებში, თავიდანვე სავარაუდო იყო, რომ მოსკოვში მიღწეულ შეთანხმებას ქმედითი ნაბიჯები არ მოჰყვებოდა.
„დეკლარაციას უფრო ვუწოდებდი ვიდრე ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, ვინაიდან კარგად მოეხსენება ყველა ჩართულ მხარეს, რომ მსგავსი ხელშეკრულება უფრო დეტალურ დანართს მოითხოვს, მათ შორის იმის განმარტებას, რეალურად რას ნიშნავს ცეცხლის შეწყვეტა, სად უნდა გაჩერდნენ მხარეები და ა.შ. ეს უფრო პოლიტიკური აქტია, რადგან სამხედრო შემადგენელი ნაწილი სრულიად ბუნდოვანია და არ ქმნის მშვიდობის დამყარების წინაპირობებს“,-განაცხადა გიორგი ანთაძემ.
ინტერვიუსას ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანული მხარე მინსკის ფორმატის დიალოგის ფარგლებში თურქეთის პოზიციონირების წამოწევას ცდილობს, რისი სურვილიც ბუნებრივია თურქეთსაც აქვს. გიორგი ანთაძე ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების მცდელობას სკეპტიკურად და ნაკლებ რეალისტურად აფასებს.
„ამ კონფლიქტის ბედი მთავარი გეოპოლიტიკური მოთამაშეების, რუსეთის, თურქეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების იმედად არის დარჩენილი. სწორედ მათზეა დამოკიდებული მოვლენების სამომავლო განვითარება. რუსეთი ცდილობს დარჩეს რეგიონში წამყვანი „მედიატორი“ და პოლიტიკური მოთამაშე ვისაც გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის“, -აღნიშნა ინტერვიუსას „ჯეოქეისის“ მკვლევარმა.