ხათუნა ბურკაძე - აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერით საქართველოს ნატო-ში წევრობა დასაჩქარებელია

"ჯეოქეისის" მკვლევარმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული  თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა. 


ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა: “პანდემიის ფონზე, რეგიონსა და ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ცალსახად მიანიშნებს, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობა მტკიცეა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერით შეძლებს გამოწვევებთან გამკლავებას”. “საბოლოო ჯამში, პომპეოს ვიზიტი არის გზავნილი რუსეთისთვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო სტრატეგიული პარტნიორია”, - დასძინა მან.
 

ხათუნა ბურკაძის შეფასებით, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით 100 მილიონი დოლარი გამოყო საქართველოს უსაფრთხოების სფეროს რეფორმირების მხარდასაჭერად. ამ ეტაპზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულება მოქმედებს, რომელსაც 2016 წლის 6 დეკემბერს ხელი მოეწერა და 2019 წლის 21 ნოემბერს განახლდა. ორმხრივი თანამშრომლობის მთავარ მიმართულებებად ჩამოყალიბდა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, საბრძოლო მომზადების ცენტრის განვითარება და საქართველოს გადასროლის პროგრამა (მტკიცე მხარდაჭერის მისია). აღნიშნული პროგრამები და ხელშეკრულებაში მოცემული სხვა აქტივობები მხარს უჭერენ თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას, ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებასა და საქართველოს თავდაცვის ძალების მზადყოფნის დონის გაუმჯობესებას. მიუხედავად ამისა, დღეს რეგიონში შექმნილი ვითარება მოითხოვს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების მეტად განვითარებას, მათ შორის კიბერთავდაცვის მიმართულებით. ამ პროცესში ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, რომლის მხარდაჭერით, არსებული რეალობის გათვალისწინებით, აუცილებელია ახალი ინიციატივების შემუშავება თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით.
 

ამასთანავე, ხათუნა ბურკაძემ განაცხადა:  „შესაძლოა დაიწყოს დისკუსია ერთობლივი ამერიკულ-ქართული ცენტრის შექმნაზე, რომლის მიზანი იქნება ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის შესაძლებლობების განვითარება და სიტუაციურ სცენარებზე მორგებული აქტივობების განხორციელება“. „შესაბამისი რეფორმების გაგრძელებისა და ასევე, ახალი პროექტების განვითარების შედეგად, ჩვენ უნდა შევძლოთ, თანამედროვე მიდგომების გამოყენებით, საფრთხეების შეკავება და გამოწვევებზე მყისიერი რეაგირება“, - აღნიშნა მან. 
 

ხათუნა ბურკაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ამერიკის შეერთებული შტატების ორპარტიულ მხარდაჭერასა და ორივე ქვეყანას შორის სტრატეგიული კავშირების გაღრმავებაზე.


იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

გააზიარე: