„ჯეოქეისის“ მკვლევარები ხათუნა ბურკაძე და ბაჩო თორთლაძე სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს ისტორიულ გამარჯვებას ეხმაურებიან

ანალიტიკურ ორგანიზაციაში „ჯეოქეისი“ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას და საქართველოს ისტორიულ გამარჯვებას ეხმაურებიან.
 

„ჯეოქეისის“ მკვლევარებმა პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ და ბაჩო თორთლაძემ აღნიშნული საკითხის შესახებ ვრცელი კომენტარი გააკეთეს.
 

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება უპრეცედენტოა და მყარ საფუძველს ქმნის სამომავლოდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ არსებული საქმეების საქართველოს სასიკეთოდ გადაწყვეტისთვის.
 

ორგანიზაციის მკვლევარის ბაჩო თორთლაძის განცხადებით, ის მტკიცებულებები, რომლებიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიყენა, ასევე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება ჰააგის სასამართლოში ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოსაკვეთად.
 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა დღემდე ეფუძნებოდა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ მიღებულ რეზოლუციებსა თუ სხვა პოლიტიკური ხასიათის დოკუმენტებს. ამ დრომდე საქართველოს ზურგს არ უმაგრებდა საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამ თვალსაზრისით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ნამდვილად არის აღსანიშნავი და ის ფუნდამენტურად ახალ ეტაპზე აიყვანს საქართველოს არაღიარების პოლიტიკის წარმოებას. ასევე აღნიშვნას იმსახურებს ის გარემოებაც, რომ სწორედ ამ გადაწყვეტილებაში ერთმნიშვნელოვნად გამოიკვეთა, რომ როგორც ცხინვალის რეგიონი ასევე, აფხაზეთი არის საქართველოს ტერიტორია, რომელზე ეფექტური კონტროლიც გააჩნია რუსეთის ფედერაციას, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს ტერიტორიები არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. ასევე, აღნიშნული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნებაზე პასუხისმგებლობა სწორედ რუსეთის ფედერაციას ეკისრება. როგორც მოგეხსენებათ, ყოველწლიურად გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს წარდგინებით მიიღება რეზოლუცია, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნებას და აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად დაეხმარება ამ რეზოლუციის სამართლებრივ გაძლიერებას. ასევე უნდა ითქვას ის, რომ , მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებს ერთმანეთისთვის არ გააჩნია პრეუდიციული ძალა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად დაგვეხმარება, როგორც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში, ასევე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში საქმის წარმოების თვალსაზრისით”, - განაცხადა თორთლაძემ.
 

მისივე თქმით, მტკიცებულებათა ის ბაზა, რომელიც გამოიყენა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ასევე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთვის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოსაკვეთად.
 

„როგორც მოგეხსენებათ, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა საქართველოს მოქალაქეების ეთნიკური წმენდის საკითხი. ხოლო საქართველოს მიერ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში წარდგენილი განაცხადი სწორედ გულისხმობს რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის დარღვევას და საქართველო ამ მიმართულებით სწორედ ეთნიკური წმენდის საკითხზე დავობს. შესაბამისად სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი ეთნიკური წმენდა იქნება მნიშვნელოვანი ბიძგი იმისა, რომ საქართველომ პროცედურების დაცვით უფრო აქტიურად იფიქროს სამართლებრივი პროცედურების განახლებაზე და რუსეთის პასუხისმგებლობის კიდევ უფრო მაღალი ფორმით გამოკვეთაზე როგორც სახელმწიფოთა შორის დავის ფარგლებში ასევე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში ინდივიდუალური სისხლისსამართლებირივი პასუხისმგებლობის საქმეში“, - განაცხადა ბაჩო თორთლაძემ.
 

"ჯეოქეისის" მკვლევარის, ხათუნა ბურკაძის შეფასებით კი , სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 4 ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტს მოიცავს. მისი თქმით, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგნაირად ითარგმნება, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ხელყო ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, საქართველო წარმოადგენს ომის მსხვერპლს, დაზარალებულ სახელმწიფოს.
 

“2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა: ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია; რუსეთის ფედერაცია ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში ოკუპაციას ახორციელებს; რუსეთის ფედერაციამ ქართველების ეთნიკური წმენდა განახორციელა; რუსეთის ფედერაციამ ხელყო საქართველოს მოქალაქე სამოქალაქო პირებისა და სამხედროების ფუნდამენტური უფლებები. კერძოდ, საუბარია საქართველოს მოქალაქე სამოქალაქო პირებისა და სამხედრო ტყვეების წინააღმდეგ განხორციელებულ არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტებზე. გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციამ ხელყო არა მარტო სიცოცხლის ფუნდამენტური უფლება, არამედ საკუთრების უფლება, თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. ბუნებრივია, როდესაც ჩვენ აღნიშნულ საკითხებზე ვსაუბრობთ, ეს გადაწყვეტილება არის ისტორიული მნიშვნელობის, იმიტომ რომ ის ქმნის ძალიან მყარ საფუძველს, რომ ჩვენ მომავალში კიდევ უფრო მეტად გავამყაროთ ჩვენი ინტერესები, როგორც საერთაშორისო სასამართლოებში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში”, - განაცხადა ბურკაძემ.
 

მისივე განცხადებით, აღნიშნული სახელმწიფოთაშორისი დავის წარმატებით დასრულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისთვის მყარ საერთაშორისო სამართლებრივ საფუძვლებს ქმნის.
 

„ვიდრე ისტორიულ მნიშვნელობაზე კიდევ უფრო მეტად გავამახვილებ ყურადღებას, მინდა აღვნიშნო ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლო არ აფასებს 8-12 აგვისტოს პერიოდს, ის ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ ამ პერიოდის განმავლობაში განხორციელებულ მკვლელობებზე გამოძიება უნდა ჩაეტარებინა რუსეთის ფედერაციას და აკისრებს მას ამ პასუხისმგებლობას. შესაბამისად, ის თავისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში, სწორედ ამ პერიოდის განმავლობაშიც ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფის ფაქტებს. აქვე ისმის კითხვა, რატომ არ აფასებს ის სამხედრო კონფლიქტს? სტრასბურგის სასამართლოს უფლებამოსილება პირველ რიგში გულისხმობს დაადგინოს რა კონკრეტული უფლებები და თავისუფლებები ხელყო ერთმა სახელმწიფომ მეორე სახელმწიფოსთან მიმართებით ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის კონვენციის საფუძველზე და 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება სწორედ ამაზე მიანიშნებს. აღნიშნული სახელმწიფოთაშორისი დავის წარმატებით დასრულება ქმნის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისთვის მყარ საერთაშორისო სამართლებრივ საფუძვლებსა და რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენის ეფექტიანი მექანიზმია. ასევე, ეს ისტორიული გადაწყვეტილება გვაძლევს შესაძლებლობას მოვიგოთ ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმე, რომლის თაობაზე საჩივარი 2018 წელს სტრასბურგის სასამართლოში შევიტანეთ და ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ უმძიმეს დანაშაულებრივ მოქმედებებს. აღნიშნულ საქმეში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ჩვენი გმირების - არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას, დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებზე. ამასთანავე, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში დადგენილი ფაქტები ხელს შეუწყობს ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების უზრუნველყოფას როგორც მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში, ასევე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ეს უკანასკნელი კონკრეტული პირების ბრალეულობის საკითხებს განიხილავს)“, - დასძინა ბურკაძემ.
 

ამასთან, ხათუნა ბურკაძე განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია როგორც სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურად. "რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ეს გადაწყვეტილება ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გაერო-ს, ევროსაბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში დავაყენოთ საერთაშორისო მონიტორების ოკუპირებულ ტერიტორიებზე უშუალოდ შესვლის აუცილებლობის საკითხი, რაც უმნიშვნელოვანესია აღნიშნულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად.
 

„დაბოლოს, სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შედეგად უნდა დაიწყოს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისათვის, რათა ჩვენი ქვეყანა მავთულხლართებისგან გათავისუფლდეს და აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც ღერძია, ქვაკუთხედია სახელმწიფოს მდგრადობის“, - აცხადებს ხათუნა ბურკაძე.

გააზიარე: