ვიქტორ ყიფიანი: „ჩემი მოლოდინია, რომ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის სახით ვიხილოთ არა მხოლოდ პარტიის მხრიდან მხარდაჭერილი პრემიერ - მინისტრი, ასევე საზოგადოების მიერ აღიარებული ავტორიტეტი და ქვეყნის მტკიცე ლიდერი.“

ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის" თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი ახალი პრემიერ-მინისტრის წინაშე მდგარ ამოცანებსა და გაჩენილ მოლოდინს აფასებს. 


„საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანაბრად მოეთხოვება პარალელურ რეჟიმში როგორც ტაქტიკური, ისე სტრატეგიული საკითხების გადაჭრის უნარი. ამის აუცილებლობას კარნახობს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ არსებული ვითარება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მწვავე ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაჭრის კვალდაკვალ, ქვეყანამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააგდოს ესოდენ აუცილებელი პოლიტიკური ცვლილებების ტემპი, ისევე როგორც განუხრელად მისდიოს ევროატლანტიკური ინტეგრირების კონსტიტუციით განსაზღვრულ კურსს. დღის წესრიგში ასეთი მრავალმხრივობა და კომპლექსურობა პრემიერისგან, როგორც პოლიტიკური ლიდერისგან, სახელწმიფო მართვის განსაკუთრებულ ცოდნასა და კომპეტენციას მოითხოვს; ხოლო საზოგადოებრივი აზრის მრავალფეროვნების ფონზე კი, ასევე, ითხოვს განსხვავებული შეხედულებების მოსმენას, მათ მიმღებლობას და სწორი ანალიზის შედეგად რაციონალურ გადაწყვეტილების მიღებაზე საკუთარი გუნდის დაყოლიებას და საზოგადოების დარწმუნებას. ერთი სიტყვით, ჩემი მოლოდინია,  რომ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის სახით ვიხილოთ არა მხოლოდ პარტიის მხრიდან მხარდაჭერილი პრემიერ- მინისტრი, არამედ საზოგადოების მიერ აღიარებული ავტორიტეტი და ქვეყნის მტკიცე ლიდერი. მე არ მეგულება ამ ქვეყნის არცერთი ჭეშმარიტი გულშემატკივარი და პატრიოტი, ვინც ამ მეტად რთულ და საპასუხისმგებლო საქმეში ბატონ ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარმატებას არ უსურვებს“,- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
 
 

გააზიარე: