„ჯეოქეისის“ ორგანიზებით ონლაინ დისკუსია „100 წელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციიდან“ გაიმართა

„ჯეოქეისის“ ორგანიზებით ონლაინ დისკუსია „100 წელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციიდან“ გაიმართა

 

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ორგანიზებით, ონლაინ დისკუსია „100 წელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციიდან. რატომ წავაგეთ 1921 წლის თებერვალ-მარტის ომი"გაიმართა. 

 

ონლაინ განხილვას მოდერატორობა „ჯეოქეისის“ ეროვნული უსაფრთხოებისა და საერთაშორისო პოლიტიკის საკითხების მკვლევარმა, გიორგი ანთაძემ გაუწია. ონლაინ დისკუსიაში ისტორიკოსმა დიმიტრი სილაქაძემ, საქართველოს ეროვნული არქივის თანამშრომელმა, გენერალ – მაიორმა, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, ვახტანგ კაპანაძემ, გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის თანადამფუძნებელმა - პაატა გიგაურმა საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის უმძიმესი დღეები, 1921 წლის თებერვალ-მარტის ომის სამხედრო პოლიტიკური ასპექტები განიხილეს. 

 

გიორგი ანთაძემ დისკუსიის დასაწყისში მიმოიხილა საქართველოსა და ზოგადად რეგიონში იმ დროს არსებული ვითარება და აღნიშნა, რომ წარსულის გააზრება სათანადო დასკვნის გამოსატანად ძალიან მნიშვნელოვანია.  „უაღრესად მნიშვნელოვანია წარსულის გააზრება, იმ დროს არსებული სამხედრო-პოლიტიკური ასპექტების, საგარეო აქტორების როლისა და მნიშვნელობის სწორი შეფასება, რაც რელევანტური დასკვნის გამოტანაში და მომავალში სწორი ნაბიჯების გადადგმაში დაგვეხმარება.“-განაცხადა გიორგი ანთაძემ. 

 

ისტორიკოსმა დიმიტრი სილაქაძემ, დეტალურად ისაუბრა საქართველოს ოკუპაციის წინაპირობების, რთული საერთაშორისო ვითარებისა და უშუალოდ ომის შესახებ. 

 

„1921 წლის ომის წინ, ჩვენთვის საკმაოდ რთული საერთაშორისო ვითარება იყო შექმნილი. 1920 წლის გაზაფხულიდან რუსები იწყებენ ამიერკავკასიის ოკუპაციაზე ფიქრს. პირველი იყო აზერბაიჯანი, რომელიც დაიპყრეს 1920 წლის აპრილის ბოლოს. მათ გეგმაში იყო ასევე საქართველოს ოკუპაცია, თუმცა შეიძლება ითქვას, ეს იყო შედარებით ფრთხილი გეგმა. მათი პირველი მცდელობა მაისში, საქართველოს ოკუპაციისა, ჩაიშალა. თუმცა ყველანაირი რესურსის სიმწირის გამო ეს გახორციელდა 1921 წლის თებერვალში“,-აღნიშნა დიმიტრი სილაქაძემ. 

 

სამხედრო მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, ვახტანგ კაპანაძემ, დისკუსიისას ისაუბრა ქალაქში ომის წარმართვის სცენარისა და თბილისში თავდაცვის მზაობის არ ქონის შესახებ.

 

„სამხედრო თვალსაზრისით რომ შევხედოთ, ზოგადად ქალაქის დაცვა არ ნიშნავს ქალაქში ბრძოლას. არსებობს ქალაქისთვის ბრძოლა და არსებობს ქალაქში ბრძოლა.  ჩემი, როგორც მეთაურის გადასახედიდან, გადაწყვეტილება ქალაქში არ გამართულიყო ბრძოლა იყო სწორი, რადგან ქალაქი არ იყო მზად. მოხერხდა ის, რაც ძალიან ბევრ გასაბჭოებულ ქვეყანაში ვერ მოხერხდა, საქართველოს მთავრობას არ მოუწერია ხელი კაპიტულაციაზე. ჩვენ არ გვიღიარებია დამარცხება. ქალაქში ბრძოლის შემთხვევაში, მთავრობა იძულებული გახდებოდა მოეწერა ხელი კაპიტულაციაზე“,-განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

 

გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის თანადამფუძნებელმა, პაატა გიგაურმა ყურადღება გაამახვილა ომის მიმდინარეობისას ქართული ჯარის სამხედრო მოქმედებებზე.

 

„გრავიტაციის ცენტრი იყო თბილისი, როდესაც 1921 წლის 25 თებერვალს რუსებმა აიღეს თბილისი ომის დასრულების თარიღად სწორედ ყველას ეს თარიღი აქვს ისე კი ბრძოლები 18 მარტამდე გრძელდებოდა. დღევანდელი წყნეთის მიმდებარე ტერიტორიიდან დღევანდელ ლილოს ტერიტორიამდე სიმაღლეებს სულ ქართველები აკონტროლებდნენ, მტერმა გარღვევა თავდაპირველად ვერ მოახერხა, თუმცა სამწუხაროდ, დაშვებული იქნა ბევრი შეცდომა, ტყვეების სახით უამრავ ადამიანს ვკარგავდით, პრობლემები მატულობდა, რამაც საბოლოო შედეგი მოიტანა.“-აღნიშნა პაატა გიგაურმა.

 

„ჯეოქეისის“ მკვლევარმა, გიორგი ანთაძემ შეჯამებისას აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავარი მოკავშირე საკუთარი ჯარია „კარგია მოკავშირეების ყოლა, მაგრამ ძლიერი ჯარი საუკეთესო მოკავშირეა ქვეყნის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და მთლიანობის დასაცავად“,-განაცხადა გიორგი ანთაძემ. 

 

ონლაინ დისკუსია  "100 წელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციიდან“  
 

გააზიარე: