„ჯეოქეისის“ ორგანიზებით ონლაინ დისკუსია „სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილების სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები“ გაიმართა

ავტორი:

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ორგანიზებით, ონლაინ დისკუსია „სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილების სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები“ გაიმართა, რომლის მიზანი გახლდათ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიერ მიღწეული გამარჯვების სამართლებრივი სტრატეგიის ანალიზი.

 

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა ონლაინ განხილვას მოდერატორობა გაუწია. ვიქტორ ყიფიანმა დისკუსიის დასაწყისში ყურადღება გაამახვილა საკითხის მნიშვნელობასა და აქტუალობაზე.

 

„ეს გადაწყვეტილება იქნება ჩვენი როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი ბრძოლის ერთგვარი გზამკვლევი მანამ, სანამ არ დასრულდება ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და არ აღდგება საერთაშორისო სამართალი“,- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

 

ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულმა, საქართველოს მთავრობის ყოფილმა მრჩეველმა საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, გიორგი ნაკაშიძემ დისკუსიაში მონაწილეობისას აღნიშნა, რომ  ადამიანთა უფლებების დაცვის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მართლაც ისტორიულია, რადგან დეოკუპაცია, არაღიარების პოლიტიკა სამართლებრივად  გამყარდა და ეს აღარ არის მხოლოდ ქართული მხარის ფაქტებით გამყარებული შეფასებები. გიორგი ნაკაშიძემ სამართლებრივი დავის პროცესში რუსეთის მიერ განხორციელებულ ხუთ სამოქმედო სტრატეგიასა და სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგებზე ისაუბრა. ასევე, განიხილა განგრძობითი ოკუპაციის ახალი საჩივრის დეტალები, რომელიც ეხება „ბორდერიზაციის“ პროცესში საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევებს, მათ შორის ოთხოზორია-ტატუნაშვილის საქმეებს.

 

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ დეფაქტო რეჟიმები იმდენად დამოკიდებულნი არიან რუსეთზე, რომ ეს რეჟიმები იმყოფებიან რუსეთის ეფექტიანი კონტროლის ქვეშ, შესაბამისად ნებისმიერი დარღვევა, რომელიც ამ ტერიოტრიაზე მოხდება ავტომატურად მიეწერება რუსეთს, რაც ქართული მხარის ერთ-ერთი დიდი მონაპოვარია. ჩვენ ეს მკაფიოდ გვეწერა 2010 წლიდან ჩვენს კანონმდებლობაში და ახლა საერთაშორისო სამართლებრივადაც გამყარდა“,- განაცხადა გიორგი ნაკაშიძემ.

 


„ჯეოქეისის“ მკვლევარმა, ოლეგ (ბაჩო) თორთლაძემ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეს შედეგი არის სწორედ ის წინაპირობა, რომ საქართველომ სახელმწიფო ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, ქვეყნის ოკუპაციისა და ადამიანთა უფლებების შელახვის ფაქტებზე კიდევ უფრო მეტად უნდა გააქტიუროს სამართლებრივი დავა რუსეთის წინააღმდეგ.

 

„თუ აქამდე საქართველო მხოლოდ საერთაშორისო რეზოლუციებისა და პარტნიორების იმედად იყო, ახლა უკვე შექმნილია ბერკეტი, რომელიც საქართველოს სამხედრო ოკუპაციის აღიარებისა და შესაბამისად, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების თვალსაზრისით მნიშვნელოვნად აძლიერებს ქვეყნის სამართლებრივ პოზიციას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში დადგენილი გარემოებები აჩენს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში დავის განახლების მძლავრ პერსპექტივას. ამასთანავე, იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების უფლების აღიარების ნაწილში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მიღებულ რეზოლუციებთან ერთად, აძლიერებს სამართლებრივ ბაზას.”

 

„ჯეოქეისის“ მკვლევარმა, საერთაშორისო სამართლის დოქტორმა, პროფესორმა, ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა:  „სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილების შედეგად უნდა დაიწყოს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისათვის, რათა ჩვენი ქვეყანა მავთულხლართებისგან გათავისუფლდეს და აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც ღერძია, ქვაკუთხედია სახელმწიფოს მდგრადობის“.

 

„დეოკუპაციის ახალი ეტაპის დასაწყებად აუცილებელია დეოკუპაციის ახალი სტრატეგიის შემუშავება. აღნიშნული სტრატეგიის შემუშავება უნდა მოხდეს საერთო კონსენსუსის, შეთანხმების საფუძველზე და უნდა ეფუძნებოდეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე არსებული გარემოს სიღრმისეულ ანალიზსს, მათ შორის ბოლო პერიოდში რეგიონში განვითარებული მოვლენებისა და გლობალური კრიზისის, პანდემიის თანმდევი გამოწვევების გათვალისწინებით“, - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.

 

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა შეჯამებისას აღნიშნა, რომ საქართველომ ყველა ძალისხმევა უნდა გამოიყენოს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოახდინოს სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილების სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება.

 

„ჩვენ უკეთ უნდა მოვახდინოთ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება, რის კვალდაკვალაც უნდა გადავტეხოთ ის რუსული მანქანა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების დეზინფორმაციას ემსახურება“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

 

ონლაინ დისკუსია „სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილების სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები“ 

გააზიარე: