„ჯეოქეისის“ ორგანიზებით ონლაინ დისკუსია „პანდემიის გავლენა ელექტრონულ კომერციაზე” გაიმართა

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ორგანიზებით, ონლაინ დისკუსია „პანდემიის გავლენა ელექტრონულ კომერციაზე” გაიმართა, რომელსაც მოდერატორობა „ჯეოქეისის” ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ გაუწია. 

 

ხათუნა ბურკაძემ ყურადღება გაამახვილა პანდემიის გამოწვევების კვალდაკვალ ახალი მიდგომების შემუშავების აუცილებლობაზე, რაც ციფრული ადაპტაციის პროცესში ბიზნეს სექტორს განვითარებაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს ციფრული ეკონომიკის განვითარებას მომავალში. 

 

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო კვეტენაძემ დისკუსიაში მონაწილეობისას აღნიშნა, რომ 2020 წელს ელექტრონულ კომერციაზე მოთხოვნა  პანდემიისა და არსებული შეზღუდვების ფონზე სამჯერ გაიზარდა. მისი თქმით, მთავრობა აკვირდებოდა ბიზნეს სექტორის მიერ ელ-კომერციის მიმართულების განვითარებას, მართვას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელშემწყობი პროექტებიც კი შემუშავდა. ასევე, ისაუბრა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, შიდასაკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის შესახებ, რომელიც ელექტრონული კომერციის ოპერირებისას მრავალ ასპექტს დაარეგულირებს, მათ შორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ნაწილში, რაც საბოლოოდ სერვისების გაუმჯობესებას მოემსახურება. 

 

„დღეს არსებობს უსაზღვრო შესაძლებლობები ელექტრონული კომერციის განვითარებაში, ქვეყანაში ამ ეტაპზე არ არის კონკრეტული საკანონმდებლო შეზღუდვები, თუმცა ბუნებრივია არის ბარიერები, ხარისხობრივი, ლოჯისტიკური, ხანდახან ენობრივიც კი. ვფიქრობ, ელ- კომერციას საქართველოში დიდი პოტენციალი აქვს არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ რეგიონის მასშტაბით და შეუძლია სოლიდური თანხების გენერირება,“- განაცხადა ნინო კვეტენაძემ.


optimo.ge-სა და adapter.ge-ს დირექტორმა, ნიკოლოზ ფოფხაძემ პანდემიის დროს შექმნილ პლატფორმებსა და ბიზნეს სექტორისთვის განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შექმნილ ახალ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. 


 „ჩვენი პლატფორმების მეშვეობით ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი ოფლაინ და ონლაინ გაყიდვების მართვის შესაძლებლობები შეიქმნა. ბიზნესის მზაობა და მოტივაცია მეტწილად ოფლაინ ვაჭრობისკენაა მიმართული და სწორედ ეს იწვევს ჯერ კიდევ სერვისის ხარვეზებს. ეს ქმნის უნდობლობასა და შესაბამისად ნაკლებ მოთხოვნას ონლაინ სერვისებზე. ჩვენ ვეხმარებით ბიზნეს ოფლაინ და ონლაინ გაყიდვები ერთი სივრციდან მართოს ისე, რომ ონლაინ გაყიდვების წილი სტაბილური და საკმაოდ მოზრდილი იყოს. გამართულად მუშაობისას მომხმარებელი დაზოგავს დროს, ხოლო ბიზნესი კი ლოიალური მომხმარებლებისგან მეტ სარგებელს მიიღებს,“- განაცხადა ნიკოლოზ ფოფხაძემ.


„ჯეოქეისის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბაქარ ფალავანდიშვილმა ელექტრონული კომერციის საკანონმდებლო ჩარჩო პროექტის და EU4Digital-ის ინიციატივის შესახებ ისაუბრა, რომლის მიზანიც ელექტრონული კომერციის სფეროს განვითარება, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ციფრული ბაზრების დაახლოების ხელშეწყობაა.  ასევე, მან საქართველოში ელექტრონული კომერციის სფეროს განვითარების, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების გამოწვევის, დაგეგმილი საპილოტე პროექტისა და EU4GEORGIA-ს ანგარიშის  შესახებ ისაუბრა. 


„დღეს ვფიქრობ, აღარ არსებობს კითხვები საჭიროა თუ არა ონლაინ ვაჭრობის ეკოსისტემის განვითარება. ნათლად გამოიკვეთა მზარდი ბაზარი და ასევე ევროკავშირის ციფრულ ბაზართან დაახლოების პერსპექტივაც, რაც ექსპორტის ხელშემწყობი ერთ-ერთი ინიციატივაც იქნება. EU4Digital-ის ერთ-ერთი ინიციატივის, ტრანსასაზღვრო ონლაინ ვაჭრობის ხელშესაწყობად შემოთავაზებულია ვირტუალური მონაცემთა ბაზის მოდელი, რომლის მეშვეობითაც ერთმანეთს დაუკავშირდებიან, როგორც საცალო მოვაჭრეები, ონლაინ ბაზრობები,  საფოსტო-კურიერული სერვისების ოპერატორები  და საბაჟო ორგანოები. ოთხივე დაინტერესებული მხარის ურთიერთობის გამარტივებას მოემსახურება ვირტუალური საპილოტე პროექტის იდეა, რომელიც პირველ ეტაპზე საქართველოში, აზრბაიჯანსა და სომხეთში უნდა განხორციელდეს,“-განაცხადა ბაქარ ფალავანდიშვილმა.


დისკუსიის მოდერატორმა, პროფესორმა, ხათუნა ბურკაძემ შეჯამებისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საყოველთაო ინტერნეტიზაციასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელების გაგრძელებაზე.  


„შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ პირველ რიგში გამოიკვეთა საბაზისო რეგულაციების განვითარების საჭიროება. ასევე, მნიშვნელოვანია დავეხმაროთ მეწარმეებს ციფრული პლატფორმებით, გავზარდოთ ცნობადობა ციფრული უნარების განვითარების აუცილებლობის შესახებ.  ციფრული ინსტრუმენტების როლი პანდემიამდეც გამოიკვეთა. მსოფლიოში არაერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეძლეს კომპანიებმა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწორად გამოყენების მეშვეობით წარმატებული ციფრული ბიზნესის განვითარება ციფრულ ეპოქაში,“ - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.

 

ონლაინ დისკუსია „პანდემიის გავლენა ელექტრონულ კომერციაზე”  

 

გააზიარე: