ხათუნა ბურკაძე: ციფრული ეკონომიკის განვითარებით, საქართველო EU-ს ციფრულ ბაზართან ინტეგრირებას შეძლებს

„ჯეოქეისის” ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ  „ბიზნესპარტნიორთან“ საქართველოში  ციფრული ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.

 


მისი ინფორმაცით, პანდემიის შედეგად შექმნილმა ვითარებამ და დისტანცირებამ ზიანი მიაყენა ბიზნესს. ამავდროულად, მკაფიოდ წარმოაჩინა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პრაქტიკული მნიშვნელობა. სწორედ მათი მეშვეობით, ანუ ეკონომიკაში ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით, გარკვეულწილად, შესაძლებელი გახდა მეწარმეების მიერ საქმიანობის გაგრძელება. თუმცა, ისინი ახალ რეალობაში არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ.
 

როგორც ბურკაძე აცხადებს, ამ გამოწვევების ფონზე საყურადღებოა, თუ როგორ ვეხმარებით ბიზნესს ციფრულ ადაპტაციაში; როგორია პანდემიის გავლენა ელექტრონულ კომერციაზე; რამდენადაა დაცული მომხმარებელთა უფლებები ონლაინ სავაჭრო ურთიერთობებში; როგორ უნდა  განვავითაროთ ციფრული ეკონომიკა. საბოლოო ჯამში,  გამოწვევებთან  გამკლავების მიზნით, აუცილებელია ხელი შევუწყოთ სერვისებისა და პროდუქტების ისე გაციფრულებას, რომ თანაბრად დავიცვათ როგორც ბიზნესის წარმომადგენლების, ასევე მომხმარებელთა კანონიერი ინტერესები.


კითხვაზე, რა დონეზეა საქართველო, რას შეგვიძლია მივაღწიოთ და რა უნდა გააკეთოს მთავრობამ ამ მიმართულებით, ბურკაძე აცხადებს, რომ ჩვენთვის ციფრული ეკონომიკა ახალი კატეგორიაა. თუმცა აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს თანამედროვე ტენდენციები მოითხოვს ციფრული ბიზნესის განვითარებას. შესაბამისად, ციფრული ეკონომიკა უნდა გახდეს საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებად იმისათვის, რომ შევძლოთ როგორც ევროკავშირის ციფრულ ბაზართან, ასევე მსოფლიო ციფრულ ეკონომიკასთან ინტეგრირება. ეს პოლიტიკური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, ახალ ვითარებაში პარტნიორებთან ჩვენი საჭიროების მეტად წარმოსაჩენად.

რაც შეეხება ციფრული ეკონომიკის გასავითარებლად გადასადგმელ ნაბიჯებს, ბურკაძე აცხადებს, რომ უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია საყოველთაო ინტერნეტიზაციასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელების გაგრძელება, განსაკუთრებით, რეგიონებში.
 

„ამასთანავე, მნიშვნელოვანია შესაბამისი ინვესტიციების მოზიდვა. ასევე, საჭიროა, დავეხმაროთ მეწარმეებს ციფრული პლატფორმებით, გავზარდოთ ცნობადობა ციფრული უნარების განვითარების აუცილებლობის შესახებ. ციფრული ინსტრუმენტების როლი პანდემიამდეც გამოიკვეთა. მსოფლიოში არაერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეძლეს კომპანიებმა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწორად გამოყენების მეშვეობით წარმატებული ციფრული ბიზნესის განვითარება ციფრულ ეპოქაში.

ასევე, დროა, აქტიურად დავიწყოთ მუშაობა ქვეყანაში ციფრული პოლიტიკის დოკუმენტის შესაქმნელად. ეს ხელს შეუწყობს, დარგობრივი თვალსაზრისით, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების როლის გამოკვეთასა და შესაბამის უწყებებს შორის კოორდინირებულ მოქმედებებს“, - აღნიშნავს ხათუნა ბურკაძე. 
 

გააზიარე: