„ჯეოქეისის“ ვებინარების სერიის ფარგლებში, ონლაინ დისკუსიის „საქართველოს უსაფრთხოების გარემო“ მეორე ნაწილი გაიმართა

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ვებინარების სერიის ფარგლებში, ონლაინ დისკუსიის „საქართველოს უსაფრთხოების გარემო“ მეორე ნაწილი გაიმართა, რომელსაც მოდერატორობას „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორი, გიორგი ანთაძე უწევდა. 


თავდაცვისა და უსაფრთხოების თემაზე, რიგით მესამე ონლაინ შეხვედრაზე მოწვეულმა სპიკერებმა, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა, შალვა ძებისაშვილმა და გენერალ-ლეიტენანტმა, ფილოსოფიის დოქტორმა, დავით თევზაძემ რეგიონში შექმნილი ვითარება, არსებული გეოპოლიტიკური რეალობა შეაფასეს და საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი საკითხები მიმოიხილეს. 


გიორგი ანთაძემ, დისკუსიის დასაწყისში ყურადღება გაამახვილა ყარაბაღის ომის შემდგომ რეგიონში შეცვლილ ვითარებაზე. 


„ყარაბაღის ომმა ნამდვილად შეცვალა გეოპოლიტიკური ვითარება რეგიონში, რუსეთ-თურქეთის ორმხრივი მოლაპარაკებების საფუძველზე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე გაიზარდა რუსეთის ზემოქმედების ნიშნული, შესაბამისად კი შემცირდა დასავლეთის გავლენა მიმდინარე პროცესებზე, რაც ძალიან სამწუხაროა,“- აღნიშნა გიორგი ანთაძემ.

 

საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა, შალვა ძებისაშვილმა დისკუსიისას ისაუბრა თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს საფრთხეს ჩვენი სახელმწიფოსა და მისი მდგრადი განვითარებისთვის. 

 

„ჩვენი ქვეყნისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთი, რომელიც სხვადასხვა მეთოდებით, სამხედრო, ეკონომიკური, ჰიბრიდული, საფრთხეს უქმნის ჩვენს სასხელმწიფოს და მის სახელმწიფოებრიობას. რუსეთი ამ მოცემულობაში სამხედრო დაპირისპირებას არ მიმართვს, მაგრამ გამუდმებით ცდილობს ქვეყნის პოლიტიკური  კურსის, საზოგადოებრივი ჯგუფების პოლიტიკური გემოვნების ცვლილებას და ამ გზით მიზნის მიღწევას- პოლიტიკური ვექტორის, საგარეო პოლიტიკის კურსის ცვლილებას. ჩვენ შევდგებით, როგორც სახელმწიფო მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთმანეთის პოზიციას გავითვალისწინებთ და შეთანხმება-კონსესუსი შედგება საზოგადოების წევრებს შორის, რაც აისახება პოლიტიკურ პროცესებშიც,“-განაცხადა შალვა ძებისაშვილმა.   

 

გენერალ-ლეიტენანტმა, ფილოსოფიის დოქტორმა, დავით თევზაძემ ყურადღება გაამახვილა ყურადღება გაამახვილა რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის პერსექტივებზე, რეგიონში დასავლეთის გავლენების გაძლიერების გზებსა და საშუალებებზე.

 

„დიდი იმედი მაქვს, რომ დასავლეთი შეძლებს რეგიონში საკუთარი როლის გაზრდას, რაშიც მას შეუძლია საქართველოს, როგორც პლაცდარმის მოაზრება. საქართველო საკუთარი სტრატეგიული მდებარებითა და ვექტორით მისი საუკეთესო პარტნიორია რეგიონში,“-აღნიშნა დავით თევზაძემ.


დისკუსიის ბოლოს, მოდერატორმა, გიორგი ანთაძემ შეაჯამა თავდაცვისა და უსაფრთხოების თემაზე მსჯელობების სერიის მესამე ნაწილი და სერიის ფარგლებში მორიგი დისკუსია დაანონსა გლობალური უსაფრთხოების გარემოსა და ფაქტორების ანალიზის შესახებ. 


„ვფიქრობ, ჩვენი სახელმწიფოს მისია ფუნდამენტურ საკითხებზე საზოგადოებრივი კონსესუსის მიღწევაა, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული მედეგობის უზრუნველყოფას,“- განაცხადა გიორგი ანთაძემ. 

 

იხილეთ ონლაინ დისკუსია „საქართველოს უსაფრთხოების გარემო“  ნაწილი მეორე

 
 

გააზიარე: