ანალიტიკურ ორგანიზაცია „ჯეოქეისსა“ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, ხელი მოაწერეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ხონელიძემ და ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა.
„აღნიშნული მემორანდუმის გაფორმებით ვიღებთ ვალდებულებას, რომ გვერდში დაგიდგებით ამ უაღრესად მნიშვნელოვანი, ეროვნული საქმის კეთებაში, რასაც თქვენ და თქვენი უნივერსიტეტი ემსახურებით,“-განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები და დევნილის სტატუსის მქონე ახალგაზრდებისათვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, თანამშრომლობას და შესაბამისი პროექტების, პროგრამების ერთობლივ განხორციელებას. ასევე მემორანდუმი ითვალისწინებს საერთაშორისო პროექტებში ერთობლივ მონაწილეობას.
თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალს „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორი, ხათუნა ბურკაძე და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი ესწრებოდა.
დოკუმენტზე ხელმოწერის შემდგომ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.