„ჯეოქეისის“ ვებინარების სერიის ფარგლებში, ონლაინ დისკუსია „ნამახვანი ჰესი: შესაძლებლობები და გამოწვევები" გაიმართა

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ვებინარების სერიის ფარგლებში, ონლაინ დისკუსია „ნამახვანი ჰესი: შესაძლებლობები და გამოწვევები“ გაიმართა, რომელსაც მოდერატორობას „ჯეოქეისის“ თავმჯდომარის მოადგილე, ბაქარ ფალავანდიშვილი უწევდა.


ვებინარზე მოწვეულმა სპიკერებმა, საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის დირექტორმა, ირინა მილორავამ, ენერგეტიკის მენეჯმენტის სპეციალისტმა, ავთო თოდუამ, GIZ-ის რეგიონულმა მრჩეველმა, სამართლის დოქტორმა ენერგეტიკის სამართალში, ირაკლი სამხარაძემ საქართველოს ენერგორესურსების უსაფრთხოების კომპონენტების, „ნამახვანი ჰესის“ შესაძლებლობებსა და გამოწვევების შესახებ ისაუბრეს. 


ბაქარ ფალავანდიშვილმა, დისკუსიის დასაწყისში ყურადღება გაამახვილა პროექტის მნიშვნელობაზე, როგორც ეკონომიკური ფაქტორების, ისე რეგიონის განვითარების მხარდაჭერისა და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის ასპექტების გათვალისწინებით. 


„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის დიდია მსგავსი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების როლი და მნიშვნელობა. ამ ტიპის პროექტებს გააჩნია რეგიონალური განზომილება, საქართველოს რეგიონების განვითარების მხარდაჭერისა და ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის განუყოფელი ნაწილია,“- აღნიშნა ბაქარ ფალავანდიშვილმა. 

 

ენერგეტიკის მენეჯმენტის სპეციალისტმა, ავთო თოდუამ, დეტალურად ისაუბრა პროექტისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების კომპონენტების შესახებ, მან აღნიშნა, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოების, ენერგეტიკული თანასწორობისა და ენერგეტიკული პროქტების გარემოსადმი მდგარდობის მაჩვენებლებით საქართველო მსოფლიოს 128 ქვეყანას შორის 53-ე ადგილზეა, სადაც ყველაზე დაბალი შეფასება  სწორედ ენერგეტიკული უსაფრთხოების მაჩვენებელში გვაქვს.

 

„ნამახვანი ჰესი მისი სპეციფიკიდან გამომდინარე არის კაშხლიანი ელექტროსადგური და ენგურის შემდეგ საქართველოში ყველაზე დიდი სიმძლავრის მქონე ჰესი შეიძლება გახდეს. ნამახვანის მშენებლობით ჩვენ დაახლოებით 800 მილიონიან ინვესტიციას მოვიზიდავთ ქვეყნის ეკონომიკაში. რა თქმა უნდა მდგრადობის პრინციპების დაცვით.  ადგილობრივად, რაც შეიძლება მეტი რესურსის ათვისება გვჭირდება, ჩვენ არ გაგვაჩნია გაზი, ნავთობი, შესაბამისად ერთადერთი განახლებადი წყარო, რომელიც ყველაზე ჭარბი გვაქვს არის ჰიდრო ენერგია. საქართველოში დაახლოებით 26 000 მდინარეა, მაგრამ აქედან  მხოლოდ 3 თუ 5 არის ენერგეტიკულად ძლიერი, სადაც ამ ტიპის პროექტების მშენებლობა შესაძლებელია,“-განაცხადა ავთო თოდუამ. 

 

საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის დირექტორმა, ირინა მილორავამ, დისკუსიაში მონაწილეობისას ყურადღება გაამახვილა ენერგიის მოხმარების ტენდენციაზე, იმპორტსა და ექსპორტზე, ასევე პოლიტიკურ კონტექსტზე. მან მიმოიხილა „საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი (2021-2031 წწ) გეგმა, რომლის მიხედვითაც აუცილებელია წყალსაცავიანი მარეგულირებელი ჰესის მშენებლობა, რომ სისტემა იყოს უსაფრთხო და დაბალანსებული. 

 

„ძალიან მნიშვნელოვანია გენერაციის ადეკვატურობის შეფასება, რადგან სწორედ ამ კომპონენტის შეფასება ხდება ყველა განვითარებულ და განვითარებად ქვეყანაში და ეს არის სისტემის უნარი ნებისმიერ სიტუაციაში მათ შორის დაგეგმილი და დაუგეგმავი ავარიების პირობებში სრულად დააკმაყოფილოს ელექტროენერგიაზე მოთხოვნა. იმპორტ დამოკიდებულებას თავი, რომ დავანებოთ, გენერაციის ადეკვატურობის დასაკმაყოფილებლად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მარეგულირებელი სადგურების მშენებლობა, სწორედ ნამახვანი ჰესი, ნესკრასთან და ხუდონ ჰესთან ერთად დასახელებულია აუცილებელ გენერაციის ობიექტებად, რომელიც უნდა აშენდეს“,-განაცხადა ირინა მილორავამ.

 

GIZ-ის რეგიონულმა მრჩეველმა, სამართლის დოქტორმა ენერგეტიკის სამართალში, ირაკლი სამხარაძემ საქართველოში მწვანე ენერგიის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა. მან განახლებადი ენერგიის ევროპული ხედვა საქართველო-ევროკავშირის ენერგეტიკული თანამშრომლობის ფარგლებში, ხოლო „ევროპის მწვანე შეთანხმება“ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე საერთაშორისო ვალდებულებების კონტექსტში მიმოიხილა.

 

„საქართველო ამ ეტაპზე არ არის ვალდებული, რომ სუფთა ენერგიის მოხმარების პაკეტი შემოიღოს ქვეყანაში, თუმცა აქტიურად მიმდინარეობს საუბრები, რომ ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ მალე დამტკიცდება დოკუმენტი და შესაბამისად, გაჩნდება ამის ვალდებულებაც, რადგან საქართველოს ევროპეიზაციის პერსპექტივა სწორედ ვალდებულებების შესრულების ეტაპზე გადის მათ შორის ენერგეტიკული ვალდებულების,“-განაცხადა ირაკლი სამხარაძემ.

 

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბაქარ ფალავანდიშვილმა შეაჯამა დისკუსია და აღნიშნა, რომ ამ თემაზე საგნობრივი დისკუსია უახლოეს მომავალში კვლავ გაიმართება. 

 

იხილეთ დისკუსიის ჩანაწერი 

გააზიარე: