ხათუნა ბურკაძე - აშშ-ის სენატორების ვიზიტმა კვლავ ცხადყო, რომ რუსეთის  აგრესიის წინააღმდეგ ამერიკა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა

„ამერიკელი სენატორების  ჯინ შაჰინისა და რობერტ პორტმანის საოკუპაციო ხაზთან  ჩასვლა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად და სოფელ ზემო ნიქოზიდან ვიზიტის დაწყება არის მკაფიო გზავნილი რუსეთის ფედერაციისათვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და მთლიანად დასავლეთი დგას საქართველოს გვერდით მისი ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის დაცვის პროცესში“, - ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ აშშ-ის სენატორების ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

 

მისი თქმით, შემაკავებელი ინსტრუმენტების გამოყენებით, მათ შორის სანქციების დაწესების გაგრძელებით აუცილებელია ხელშესახები შედეგების მიღწევა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პრაქტიკაში დასაცავად. „პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერითა და დეოკუპაციის ახალი სტრატეგიით უნდა შევძლოთ ქვეყნის ხელოვნური ბარიერებისგან გათავისუფლება“, - დასძინა ხათუნა ბურკაძემ.

 

ასევე, მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ამერიკის შეერთებული შტატების ორპარტიულ მხარდაჭერაზე და აღნიშნა, რომ როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტიისათვის საქართველო რეგიონში მნიშვნელოვანი მოკავშირეა. „ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და ევროატლანტიკური, ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიზნების მიღწევაში. ამასთანავე, საქართველოს გამოუყოფს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინებს და გვეხმარება პანდემიის თანმდევი გამოწვევების დაძლევაში. ასევე, აღნიშნული ვიზიტი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რადგან სენატორები საქართველოში სტუმრობამდე ლიეტუვასა და უკრაინაში იმყოფებოდნენ. უკრაინასა და ჩვენს ქვეყანაში მათ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე და მკაფიოდ მიანიშნეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის მზარდი აგრესიის წინააღმდეგ საქართველოსა და უკრაინის გვერდითაა. ეს კი გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენს პარტნიორთან, მოკავშირესთან ერთად თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში შევიმუშავებთ ახალ ინიციატივებს რეგიონში არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად“, - აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ.

გააზიარე: