„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა მონაწილეობა მიიღო რიგით მე–5 ყოველწლიური ტრანსკასპიური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში - „ტრანსკასპიური კავშირი და ინფრასტრუქტურული განვითარება”, რომელიც ვაშინგტონში მოქმედი კასპიის პოლიტიკის ცენტრის (CPC) ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიება ავღანეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქეთისა და უზბეკეთის საელჩოების თანაორგანიზებითა და აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მხარდაჭერით გაიმართა.
ფორუმის მიზანი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ტრანსკასპიის დერეფნის ქვეყნებს შორის არსებული ბიზნესის, ვაჭრობისა და ინვესტიციების შესაძლებლობების შესწავლა.
ფორუმს მოდერაციას უწევდა აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის, საერთაშორისო სავაჭრო ადმინისტრაციის რუსეთის, უკრაინის და ევრაზიის ოფისის დირექტორი და უსაფრთხოებისა და კასპიის პოლიტიკის ცენტრის პოლიტიკის პროგრამის ხელმძღვანელი, მეთ ედვარდსი.
ფორუმის მონაწილეებმა: უზბეკეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ოდილბეკ ისაკოვმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტრანსპორტის, კომუნიკაციების და ტექნოლოგიების სამინისტროს სატრანსპორტო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, არიფ მამედოვმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან სალუქვაძემ, ბაქოს საერთაშორისო საზღვაო პორტის გენერალურმა დირექტორმა, ტალე ზიადოვმა, აკტაუს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის პრეზიდენტმა, აბაი ტურიკპენბაევმა, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ბანკის წარმომადგენელმა ვაშინგტონში, ჰიროიუკი სუზუკმა, აზერბაიჯანის კასპიის საზღვაო გადაზიდვების კომპანიის თავმჯდომარის მოადგილემ, ფარჰად გულიევმა და „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა განიხილეს ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების მიზანშეწონილობა და უცხოელი ინვესტორების მიერ ამ საქმიანობის სათანადო დაფინანსების მექანიზმები.
„ჩვენ ყველამ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა - სწორედ ეს იქნება წარმატების მომტანი. მე არ მჯერა, რომ რომელიმე ქვეყანას შეუძლია მაქსიმალურად მიიღოს ყველა ის სარგებელი, რასაც რეგიონი სთავაზობს, თუ არ იქნება ერთიანობა ძალისხმევაში, პოლიტიკურ ნებასა თუ შესაძლებლობებში. ნდობა და სანდოობა, განსაკუთრებით ამ უკიდურესად კონკურენტულ გლობალურ ბიზნესგარემოში, არის ის, რამაც ყველა უნდა გააერთიანოს განურჩევლად პოლიტიკური რეჟიმისა და საგარეო პოლიტიკის ტრაექტორიების განსხვავებისა - სწორედ ეს არის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი და მამოძრავებელი ძალა”- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა სიტყვით გამოსვლისას.
„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა იმ შესაძლებლობებზე, რაც შეიძლება გაჩნდეს რეგიონში გლობალური მიწოდების ჯაჭვის რეკონსტრუქციის შედეგად და აღნიშნა იმ პოტენციური შესაძლებლობების არსებობაც, რომლებიც საქართველოს შეუძლია შესთავაზოს რეგიონს „C5+1” ფორმატის კონტექსტში, ევროკავშირთან არსებული განსაკუთრებული სავაჭრო რეჟიმის გათვალისწინებით.
ვიქტორ ყიფიანმა, ასევე, ისაუბრა რეგიონის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და რამდენიმე მთავარ პრობლემას გაუსვა ხაზი: „პირველი გამოწვევა არის ის, რომ რეგიონი კვლავ გარდამავალი პოლიტიკური გარემოს პირობებშია, რაც, ასევე, ეხება მისი ინსტიტუციების სისუსტეს. ე.წ. გაყინული კონფლიქტები ან, თუ გნებავთ, ფსევდო-ეთნიკური კონფლიქტები, რომლებიც, არსებითად, გეოპოლიტიკური კონფლიქტებია, ხელს აძლევს ამა თუ იმ ძალადობრივ რეჟიმს ან რევიზიონისტულ სახელმწიფოს, რომ რეგიონს კანონზე დამყარებული წესრიგის გზიდან გადახვევისაკენ უბიძგოს და სუვერენულ ერს თავისუფალი არჩევანი შეუზღუდოს, ”- დასძინა მან.
ვიქტორ ყიფიანის თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია რეგიონში დასავლეთის გავლენის გაზრდა, რათა შეიცვალოს ბოლო დროს მომძლავრებული არასწორი აღქმა, თითქოსდა, რეგიონში შემცირდა დასავლური მზარდი ინვესტიციები და პოლიტიკური მხარდაჭერა.
„ბიზნესის კეთება რეგიონში - ეს არაა მხოლოდ აწარმოო ბიზნესი როგორც ასეთი, ამავდროულად აუცილებელია, მკაფიო მესიჯის გაგზავნაც რეგიონისათვის, სადაც სხვადასხვა რეგიონალური მოთამაშე მუდმივად ეჯიბრება ერთმანეთს თავისი რბილი ძალის დომინირებისთვის. მეტი ურთიერთკავშირი, მეტი ურთიერთდამოკიდებულება, დასავლეთის მეტი ინტერესი რეგიონის მიმართ მაქსიმალურად უზრუნველყოფს რეგიონის ყველა ქვეყნის ჯანსაღ ბიზნესგარემოს, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას ,” - აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.
განხილვის დასასრულს, მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების სარგებელს კასპიის რეგიონის გეოგრაფიული პოტენციალის ასამაღლებლად, რისთვისაც სხვადასხვა სატრანსპორტო დერეფნის იდენტიფიცირება და დამაკავშირებელი სტრატეგიის შემუშავებაა საჭირო. დისკუსიის მონაწილეებმა წარმატებული კომერციული პროექტების მაგალითებად რამდენიმე ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტი მოიყვანეს, მათ შორის: ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზა, ლაპის ლაზულის საერთაშორისო სატრანზიტო დერეფანი და აქტაუს ახალი ტერმინალი.