„ჯეოქეისსა" და „დიპლომატიურ ინსტიტუტს" შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მორიგი ერთობლივი სასწავლო ღონისძიება გაიმართა. „ჯეოქეისის" სატრენინგო კურსის სტუდენტები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტს სტუმრობდნენ. სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს „დიპლომატიური ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, თინათინ ბრეგვაძემ და ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენს სტუდენტებთან ერთად დღეს აქ ვიმყოფები და უაღრესად მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის შესაძლებლობა მოგვეცემა. დიპლომატის კარიერა დაუღალავ შრომას მოითხოვს. დიდი გამოწვევაა დღევანდელ დღეს შეზღუდული რესურსებით ქვეყნისთვის გადამწყვეტი ამოცანების შესრულება. სატრენინგო კურსის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის მსგავსი გასვლითი საინტერესო ღონისძიებები კვლავ გაიმართება“,- აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.
სტუდენტებს დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარმა, ელჩმა, მიხეილ უკლებამ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შესახებ ლექცია წაუკითხა. მან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ დღევანდელ დღემდე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების კონტექსტსა და დეტალებზე ისაუბრა.
სასწავლო ღონისძიებას „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორი, ხათუნა ბურკაძე ესწრებოდა.
გასვლითი ღონისძიება სატრენინგო კურსის მეექვსე მოდულის „რუსეთის საგარეო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში სეპარატისტული რეგიონების მიმართ" ფარგლებში განხორციელდა. მოდულს „ჯეოქეისის“ აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების დირექტორი, ემილ ავდალიანი ხელმძღვანელობდა.
„ჯეოქეისის“ სტუნდენტურ პროგრამაში - „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება“ მონაწილეობას იღებენ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები საქართველოს ექვსი უნივერსიტეტიდან.