ხათუნა ბურკაძე - შეცვლილ საერთაშორისო გარემოში საქართველოს ალიანსში წევრობისათვის აუცილებელია ქვეყნის ახალი ფუნქციის გამოკვეთა

ნატო-ს სამიტის შედეგებსა და იმაზე, თუ რა გზავნილები მიიღო საქართველომ “ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორს,  ხათუნა ბურკაძეს ესაუბრა.
 

ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა: „ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე კვლავ დადასტურდა, რომ საქართველო ალიანსის ღირებული პარტნიორია. ბრიუსელის დასკვნით დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მტიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, გმობს რუსეთის ფედერაციის აგრესიულ მოქმედებებს და მიუთითებს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნქციონირების მნიშვნელობაზე. დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს ვითარებას. ალიანსის წევრები რუსეთის ფედერაციას 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ. ასევე, კომუნიკეში აღნიშნულია, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები ბუქარესტის სამიტზე გაცხადებული პოლიტიკური დაპირების ერთგულები რჩებიან. კომუნიკეში პირველად გაჩნდა ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ დაუშვებელია მესამე მხარის ჩარევა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესში. ეს, პრაქტიკულად, გულისხმობს იმას, რომ  ვერცერთ არაწევრ ქვეყანას ვერ ექნება ვეტოს უფლება საქართველოს ნატო-ში წევრობაზე. ასევე, ყურადღებაა გამახვილებული შარლ მიშელის მედიაციით პოლიტიკური პარტიების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების შესრულებაზე. ამასთანავე, დოკუმენტში საუბარია საქართველოს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობასა და მის წვლილზე საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში. მიუხედავად ამისა, მეტია საჭიროა, რაც საქართველოს ნატო-ში წევრობას გულისხმობს. ეს ორმხრივი მნიშვნელობის პროცესია ანუ საქართველოს ნატო-ში წევრობა მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი, ასევე, ევროატლანტიკური უსაფრთხოებისათვის“. 
 

„საქართველოს ალიანსში წევრობისათვის შეცვლილ საერთაშორისო გარემოში აუცილებელია ქვეყნის ახალი ფუნქციის გამოკვეთა. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ერაში უნდა ვიფიქროთ ციფრული პოლიტიკის განვითარებაზე. ამ თვალსაზრისით, ესტონეთის გამოცდილება საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მცირე სახელმწიფომ საკუთარი ნიშით დიდი სახელმწიფოები დააინტერესოს და საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების დღის წესრიგის შემუშავებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს. ასევე, გეოპოლიტიკური კონტექსტი ჩვენგან სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო მეტად გამოკვეთას მოითხოვს, რაც გულისხმობს, მათ შორის, ახალი პროექტების განხორციელებას. ეს კიდევ უფრო მეტად გაზრდის საქართველოსადმი რეგიონში ინტერესს. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ, გავაღრმავოთ ურთიერთობები ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან. ახალი როლის გამოკვეთის მნიშვნელობას ზრდის ის ფაქტიც, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში გადაწყვეტილებების მიღებისას ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია ურთიერთსაჭიროებისა და საერთო ინტერესების განსაზღვრა“, - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ. 
 

„ამასთანავე, უნდა გავაგრძელოთ რეფორმები, განსაკუთრებით დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით, რისთვისაც ქართულ პოლიტიკას მეტი შინაარსი უნდა შევძინოთ. დღეს  ქვეყნის განვითარების ახალი ხედვა გვჭირდება, რათა  ევროინტეგრაციის გზაზე უკეთ შევძლოთ როგორც ქვეყნის  წარმოჩენა, ასევე სტრატეგიული მიზნების მიღწევა. აუცილებელია განვამტკიცოთ თანამშრომლობა ალიანსის ყველა წევრ სახელმწიფოსთან, რადგან ჩვენი ალიანსში წევრობის გასაღები ნატო-ს ყველა წევრი ქვეყნის დედაქალაქშია. ამასთანავე, განსაკუთრებით გამოვყოფდი ამერიკის შეერთებული შტატების როლსა და მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივისადმი. ჩვენ ეს არაერთგზის ვიხილეთ. ამ ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, რომელთა შორისაა ევროატლანტიკური გაერთიანების განმტკიცება. შესაბამისად, ამერიკისა და ნატო-ს სხვა წევრი ქვეყნების მხარდაჭერით უნდა შევძლოთ მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმა ევროატლანტიკური მიზნების განსახორციელებლად. ეს პროცესი კი, საბოლოოდ, ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას განამტკიცებს და საქართველოს მოქალაქეებისათვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის“, - დასძინა მან.

 

იხილეთ ინტერვიუ


 

გააზიარე: