ხათუნა ბურკაძემ ბაიდენ-პუტინის შეხვედრის შესახებ გადაცემა „დღის News Room”-ში ისაუბრა

ბაიდენ-პუტინის შეხვედრის შეფასებისას ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა: „ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრის მიზანი იყო კიდევ ერთხელ ხაზგასმა იმისა, რომ თუ რუსეთის ფედერაცია კვლავ გააგრძელებს საერთაშორისო წესების ხელყოფას, ამას მოჰყვება ამერიკის შეერთებული შტატებისგან საპასუხო რეაგირება. მეტიც, პრეზიდენტმა ბაიდენმა ამერიკის შეერთებული შტატების კიბერშესაძლებლობებზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა. საპასუხო რეაგირება ნიშნავს არა მხოლოდ  ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების დაცვას, არამედ მან ისაუბრა იმაზე, რომ თუ მომავალში რუსეთი გააგრძელებს საზიანო მოქმედებების განხორციელებას, როგორც ამერიკელების, ასევე, მოკავშირეებისა და პარტნიორების წინააღმდეგ, შემაკავებელი მექანიზმების ამოქმედების აუცილებლობა კიდევ უფრო მეტი სიმწვავით დადგება დღის წესრიგში“.
 

„შეხვედრის შედეგად განსაკუთრებულ გარღვევას არ ველოდით. რატომ? იმიტომ, რომ ამერიკისა და  რუსეთის  მიდგომები მსოფლიო წესრიგთან დაკავშირებით განსხვავებულია. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი არის ადამიანის უფლებების, დემოკრატიული ღირებულებების დაცვა და ამას შემთხვევით არ გაუსვა ხაზი პრესკონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, როდესაც მან აღნიშნა, რომ ამერიკის სახელმწიფოებრივი სისტემა იდეის შედეგია, სადაც მთავარია ადამიანის უფლებების დაცვა. სამწუხარო ფაქტია ის, როდესაც ყოველდღიურად რუსეთის ფედერაცია ხელყოფს როგორც ადამიანის უფლებებს, ასევე სახელმწიფოთა სურვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. პრეზიდენტმა ბაიდენმა არაერთგზის აღნიშნა, რომ 21-ე საუკუნეში გავლენის სფეროების ადგილი არ არის. თუმცა კრემლის საგარეო პოლიტიკის მიზანი სწორედ ამ ე.წ.  გავლენის სფეროების აღდგენაა. ამ მოცემულობით, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ იმაზე, რომ რამე ტიპის გარდამტეხი ცვლილება მოხდება რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში. მიუხედავად ამისა, ამ შეხვედრას აქვს პრაქტიკული დანიშნულებაც, მხარეები შეთანხმდნენ,  რომ ელჩები ვაშინგტონსა და მოსკოვში  თავიანთ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან. ასევე, ბირთვული უსაფრთხოების კონტექსტში მათ გამოხატეს მზაობა, განაახლონ მოლაპარაკებები განიარაღების საკითხებზე“, - დასძინა ხათუნა ბურკაძემ. 

 

იხილეთ ინტერვიუ



 

გააზიარე: