„ჯეოქეისის" ვებინარების სერიის ფარგლებში, ონლაინ დისკუსია „ისრაელი ღაზას ბოლოდროინდელი კონფლიქტის შემდეგ“ გაიმართა

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის" ვებინარების სერიის ფარგლებში, ონლაინ დისკუსია „ისრაელი - ღაზას ბოლოდროინდელი კონფლიქტის შემდეგ“ გაიმართა, რომელსაც მოდერატორობას „ჯეოქეისის" თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი უწევდა. ინფორმაციას ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისი“ ავრცელებს.
 

მათი ინფორმაციით, ვებინარზე განხილული იყო ისრაელის როგორც საშინაო, ის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ფაქტორები, დღევანდელი ვითარება ქვეყანაში მწვავე სამხედრო დაპირისპირებისა და ხელისუფლების ცვლილების ფონზე.
 

„ისრაელი საქართველოს პარტიორი ქვეყანაა და ჩვენ, ქართველები, მხოლოდ მივესალმებით ასეთ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობას. ისრაელი ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერია, რაც ასევე საგანგებოდ აღსანიშნია“, - განაცხადა ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანმა.
 

დისკუსიის საპატიო სტუმარმა, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რან გიდორმა ისტორიულ კონტექსტში მიმოიხილა ებრაელებისა და პალესტინელების თანაცხოვრება. ელჩმა დეტალურად ისაუბრა ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტის დაწყების საბაბსა და მიზეზებზე. მან დეტალურად აღწერა სამხედრო დაპირისპირების მოვლენათა თანმიმდევრობა, ყურადღება გაამახვილა ისრაელის სამხედრო მზადყოფნაზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად ასეთი მასშტაბის საჰაერო შეტევისა, მათი მოგერიება წარმატებით განხორციელდა, რამაც მინიმალური მსხვერპლი გამოიწვია.
 

„ადამიანებს შეუძლიათ მეგობრობა, თუმცა სახელმწიფოთა მეგობრობა გულისხმობს, რომ ისინი მოქმედებენ ქვეყნის ეროვნული ინტერესის შესაბამისად. ეს ინტერესები შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს, მაგრამ მაშინაც კი, თუ მთავრობები შეიცვლება, ან ქვეყნის ხელმძღვანელ პირებს შორის დროებითი კომუნიკაციის ნაკლებობაა, საერთო ინტერესი მაინც მყარად არსებობს, ის გამძლეა და აღარ იცვლება“, - აღნიშნა რან გიდორმა.
 

„ჯეოქეისის“ აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების დირექტორმა, ემილ ავდალიანმა დისკუსიისას ისაუბრა შეცვლილ მსოფლიო წესრიგზე და აღნიშნა, რომ ისრაელისა და „ჰამასს“ შორის უკანასკნელი დაპირისპირება ირანის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს. მან ისრაელისა და პალესტინის ბოლო დაპირისპირების წინა კონფლიქტებთან შედარებისას ყურადღება გაამახვილა „ჰამასის“ მიერ დრონების გამოყენებაზე, რომელთა ირანში წარმოების კვალი ადვილად იკვეთება.
 

„ევრაზიული ძალები მიილტვიან ექსკლუზიური წესრიგის შექმნისაკენ ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა წერტილში. ეს ნიშნავს იმას, რომ მათი მუდმივი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ კონფლიქტური რეგიონების მიმართულებით კოლექტიურ დასავლეთს არ მისცენ საშუალება, აქტიური მონაწილეობა მიიღოს მშვიდობის მშენებლობასა და სხვადასხვა ინიციატივებში,”- განაცხადა ემილ ავდალიანმა.
 

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დისკუსიისას ისრაელის საგარეო პოლიტიკის კონტექსტში ასევე განხილული იყო შეერთებული შტატების მხარდაჭერა ისრაელის მიმართ და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები. მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკასა და ისრაელის ახლად არჩეულ კოალიციურ მთავრობაზე.


 

ნახეთ ონლაინ დისკუსია 

გააზიარე: