ანალიტიკურ ორგანიზაცია „ჯეოქეისს“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და „ჯეოქეისის“ ხელმძღვანელმა ვიქტორ ყიფიანმა მოაწერეს.
ღონისძიებაზე „ჯეოქეისის“ რეკომენდაციათა პაკეტის თანაავტორებმა, ზვიად კირტავამ, ხათუნა ბურკაძემ, ვახტანგ ჭარაიამ, ბაქარ ფალავანდიშვილმა, გიორგი ანთაძემ და ბაჩო თორთლაძემ „ჯეოქეისის“ პოლიტიკის დოკუმენტი წარუდგინეს მოწვეულ აუდიტორიას.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ერთობლივ აკადემიურ და სამეცნიერო კვლევით პროექტებში მიიღებენ მონაწილეობას, ასევე სემინარებს, კონფერენციებს, სიმპოზიუმებს, ვორქშოპებსა და სხვა სამეცნიერო ღონისძიებებს განახორციელებენ.
„ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა მეტად ნაყოფიერად გაგრძელდება, რის შესაძლებლობას ახლა უკვე დეკლარირებული დოკუმენტი იძლევა. ჩვენი კარი მუდამ ღიაა და მზად ვართ თემატური დისკუსიები გავმართოთ, როგორც აკადემიურ პერსონალთან, ასევე სტუდენტებთან, მათთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენს ხელთ არსებული რესურსები, რაც მიმდინარე გამოწვევების ფონზე ყველასათვის მეტად სასიკეთო იქნება,“-განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.