„ჯეოქეისმა“, შვეიცარიულ კვლევით ორგანიზაცია FORAUS-სთან და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, თანაორგანიზება გაუწია ვებინარს თემაზე „ჰიბრიდული ომი აღმოსავლეთ ევროპის საზღვრებთან“.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ჰიბრიდული ომის წარმოების ხერხებისა და ფორმების გაანალიზება, მისი გავლენა აღმოსავლეთ ევროპის მოსაზღვრე საზოგადოებებზე, ასევე, იმ საშუალებების განხილვა, რასაც შვეიცარია თუ მსოფლიო საზოგადოება მიმართავს ჰიბრიდული ომის მიერ გამოწვეულ სავალალო შედეგებთან საბრძოლველად.
„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა და FORAUS-ის თანათავმჯდომარემ, ჯონათან ჯიჰიჩმა განხილვის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.
ონლაინ დისკუსიაზე მთავარ მომხსენებლად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია იყო მიწვეული. ასევე, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს „ჯეოქეისის“ აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების დირექტორმა, ემილ ავდალიანმა და ამავე ორგანიზაციის ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ.
მისასალმებელ სიტყვაში ვიქტორ ყიფიანმა აღნიშნა: „ეს თემა ძალზე ფაქიზია ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის, უფრო მეტად კი - ე.წ. „ნაცრისფერი ზონის“ ან იმ ქვეყნებისთვის, რომელთა ტერიოტორიაზე ე.წ. „გაყინული კონფლიქტები“ არსებობს. საქართველოს კი ჰიბრიდული ომის უმძიმესი შედეგების გამოცდილება გააჩნია. თუ მკითხავთ, ფაქტობრივად, ჰიბრიდული ომის მიმდინარე ეტაპი 2008 წელს დაიწყო, მაშინ, როცა რუსეთი საქართველოში შემოიჭრა. სამწუხაროა, რომ მას შემდეგ, ვერც დასავლეთის დემოკრატიებმა და ვერც ქართულმა დემოკრატიამ, ვერ შეძლეს შეემუშავებინათ ეფექტიანი ზომები ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ, რაც უდიდეს პრობლემასა და გამოწვევას წარმოადგენს. არსებობს არაერთი შემთხვევა და პრეცედენტი და დღევანდელი ღონისძიება, რომელიც ცოდნისა და გამოცდილების გაცვლის საშუალებას გვაძლევს, და იმედია, მომავალში ამის კიდევ უფრო მეტი საშუალება გვექნება, დაგვეხმარება დაინტერესებულ მხარეებს კონკრეტული რეკომენდაციები და რჩევები გავუზიაროთ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ჩვენი დაკვირვების შედეგების საფუძველზე განვახორციელოთ პრაქტიკული გადაწყვეტილებები და ქმედებები“.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ FORAUS-სა და „ჯეოქეისს“ ასეთ მნიშვნელოვან თემაზე დისკუსიის ორგანიზებისათვის მადლობა გადაუხადა.
„ჰიბრიდული ომი გახდა უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მსოფლიოს მასშტაბით და არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში. თუმცა, აღმოსავლეთ ევროპა, შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონი რუსეთის მიერ წარმოებული მწვავე საომარი მოქმედებების ინსტრუმენტების პირდაპირ სამიზნედ იქცა. ეს მოიცავს სხვადასხვა საშუალების კომბინაციას, პოლიტიკურ მანიპულაციებს, ინტენსიურ დეზინფორმაციული პროპაგანდის მანქანებს, რეგიონისა და მთელი ევროპული უსაფრთხოების დესტაბილიზაციის მიზნით. […] ჩვენი კარგად გააზრებული არჩევანი ამ გამოწვევების საპასუხოდ არის საქართველოს შეუქცევადი ნაბიჯი მშვიდობისკენ, კეთილდღეობისკენ, დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისკენ”, - აღნიშნა ლაშა დარსალიამ.
როგორც ემილ ავდალიანმა განაცხადა: „რუსეთი ჰიბრიდულ ომს მიმართავს იმისათვის, რათა განახორციელოს თავისი მიზანი: შეცვალოს გლობალური წესრიგი; დაამყაროს მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგი იქ, სადაც დღის წესრიგი ძალაუფლებების კონკურენციისა და ძლიერ ქვეყნებს შორის შეთანხმებული გარიგებების საფუძველზე დგინდება.”
მან ასევე აღნიშნა, რომ სანამ არსებობს იმის საჭიროება, რომ გავცდეთ ნაციონალისტური ნარატივების ჩარჩოებს, როდესაც საქმე ეხება სეპარატისტული ხასიათის კონფლიქტებს საქართველოში თუ მის მეზობლად, საერთაშორისო სამართალი რჩება პრობლემის გადაჭრის საუკეთესო მექანიზმად სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შენარჩუნებისათვის.
ხათუნა ბურკაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ უმძიმეს ვითარებაზე. მან ხაზი გაუსვა: „სამწუხაროდ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ყოველდღე სახეზეა ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, მათ შორის: სიცოცხლის უფლების ხელყოფა, წამება და არასათანადო მოპყრობა, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, გატაცებები, ჯანმრთელობის უფლების დარღვევა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა, საკუთრების უფლების ხელყოფა. პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერით ჩვენ უნდა შევძლოთ ხელშესახები შედეგების მიღწევა, რაც გულისხმობს ქვეყნის მავთულხლართებისგან, ხელოვნური ბარიერებისგან გათავისუფლებას. 21-ე საუკუნეში ასეთი ბარიერები არ უნდა არსებობდეს! საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები, მათ შორის სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს პრაქტიკაში ”.
ასევე, ხათუნა ბურკაძემ ისაუბრა კიბერშეტევებისა და კიბერომის საერთაშორისო სამართლებრივ ასპექტებზე. მან აღნიშნა: „მოქმედი საერთაშორისო სამართლებრივი რეგულაციები, მათ შორის გაეროს წესდება შეიძლება გამოიყენონ კიბერშეტევებთან მიმართებით, რადგან: 1) კიბერშეტევამ შეიძლება მიაღწიოს იმ ზღურბლს, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს ეროვნულ უსაფრთხოებას; 2) კიბერშეტევა შესაძლებელია ისეთივე ზიანის მომტანი იყოს სახელმწიფოებისათვის, როგორც ტრადიციული საომარი მოქმედებები ”.
ვებინარის დასასრულს მომხსენებლებმა აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხეს. ორგანიზატორებმა საქართველოს ელჩს შვეიცარიის კონფედერაციაში, რევაზ ლომინაძეს მხარდაჭერისათვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს.