ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის" ვებინარების სერიის ფარგლებში, ონლაინ დისკუსია „საქართველო და თურქეთი: რეგიონული და ორმხრივი კონტექსტი" გაიმართა, რომელსაც მოდერატორობას „ჯეოქეისის" თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი უწევდა.
ვებინარზე განხილულ იქნა ქართულ-თურქული ურთიერთობები, თანამედროვე თურქეთის როლი და მნიშვნელობა, როგორც რეგიონში, ისე მსოფლიოში.
დისკუსიის საპატიო სტუმარმა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავამ საქართველო - თურქეთის პარტნიორულ ურთიერთობებზე და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი და ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია.
„ეს პარტნიორობა მუდამ ვითარდება, 2019 წელს, დაფიქსირდა სამაგალითო ვაჭრობის მაჩვენებელი, რომელმაც მილიარდ შვიდასი მილიონი შეადგინა. ჩვენი ამოცანაა ექსპორტის წასახალისება, ქართული პროდუქციის შემოტანა თურქეთში, რასაც ხელს უწყობს ორმხრივი ურთიერთობის ჩარჩოებში გამართული ოფიციალური კომისიები. ასევე უმნიშვნელოვანესია ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. რეგიონს სჭირდება სტაბილურობა, ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანასაც და დარწმუნებული ვარ, იქნება პოსტპანდემიური გარღვევა ყველას საკეთილდღეოდ,“-განაცხადა ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ.
„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა ვებინარის მიმდინარეობისას ყურადღება გაამახვილა თურქეთის საგარეო პოლიტიკის ძირითად ასპექტებზე. მან აღნიშნა, რომ თურქეთი გასცდა რეგიონს და მის მიღმაც აქტიურად ავითარებს საკუთარ ინტერესებს, რაც გლობალურ პოლიტიკაშიც საგრძნობი გახდა.
„თურქეთი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გასაღები, რასაც ხაზი გაესვა პრემიერის ვიზიტის დროს. თურქული პოლიტიკის ხაზი - „მშვიდობა შინ და მშვიდობა მეზობლებში“, უკანასკნელ ათ წელიწადთან შედარებით სახეცვლილია და თურქულ საგარეო პოლიტიკაში ძალის ფაქტორი, სამხედრო კომპონენტი მეტად გამოკვეთილია. აქვე საინტერესოა, რამდენად უზრუნველყოფილი იქნება ეს ეკონომიკური ფაქტორით. ძალაუფლების ცენტრი ამჟამად პრეზიდენტის ოფისისკენ არის გადანაცვლებული; თურქეთი ცდილობს, გახდეს რეალურად დამოუკიდებელი მოთამაშე საგარეო ასპარეზზე, რაც მისგან დღემდე არნახულ ძალისხმევას და ფაქიზ ბალანსირებას მოითხოვს რუსეთისა და დასავლეთის ფაქტორების გათვალისწინებით,“-განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
იხილეთ ვებინარი