„ჯეოქეისის“ ორგანიზებით ონლაინ დისკუსია „ოკუპაცია, როგორც ქვეყნის მთავარი გამოწვევა“ გაიმართა

დისკუსიას მოდერატორობას „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი, ხოლო თანამოდერატორობას ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორი, ხათუნა ბურკაძე უწევდა.
 

ღონისძიებაში, რომლის მიზანი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რთული ჰუმანიტარული მდგომარეობის და გამოწვევების დაძლევის ინსტრუმენტებზე, მექანიზმებზე მსჯელობა სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი. ასევე, მოწვეული სპიკერი გახლდათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი საბედაშვილი.
 

დისკუსიისას მონაწილეებმა განიხილეს საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობა და სამშვიდობო პოლიტიკის შესაძლებლობები.
 

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა ოკუპაციის გამოწვევაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეს სიტყვა მოიცავს არა მარტო ოკუპაციის ფაქტს, არამედ მას უკავშირდება შიდა თუ გარე პროცესები, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენი ქვეყნის მდგრადობას. ამასთანავე, მან ჰიბრიდულ საფრთხეებზე ყურადღება გაამახვილა.
 

„ჩვენ ჰიბრიდული რისკების პირობებში მუდმივად ცხოვრება მოგვიწევს. ამ საფრთხეების პირობებში ჩენ გვიწევს ყოველდღიური ცხოვრება და სახელმწიფო, საზოგადოებრივ ინსტიტუტებს კი მუშაობა“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა დისკუსიაში მონაწილეობისას სახელმწიფო მინისტრის აპარატის მისიასა და ამოცანებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარმატებით ხორციელდება.
 

„დღეს ჩვენ ათასობით დევნილი გვყავს. მათ არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა და ეს არის რუსეთის ფედერაციის აგრესიული და დესტრუქციული პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მტკიცედ სამშვიდობო პოლიტიკით უპირისპირდება. ოკუპირებულ სოხუმსა და ცხინვალში პატიმრობაშია ჩვენი ორი მოქალაქე, ხოლო არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას, დავით ბაშარულის მკვლელობაში ეჭვმიტანილები დღემდე დაუსჯელები რჩებიან. მძიმე უფლებრივი და ჰუმანიტარული ვითარებაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. განსაკუთრებით მძიმეა ვითარება ოკუპირებულ გალსა და ახალგორში, სადაც ყოველდღიურად ჩვენი მოსახლეობა ეთნიკური დისკრიმინაციის მსხვერპლია. ჩვენი ყოველდღიური ამოცანაა, რომ კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდე მოხდეს ამ ადამიანებისთვის ყველა იმ შეღავათსა, პროგრამაზე თუ სერვისზე წვდომის უზრუნველყოფა, რაც დანარჩენ საქართველოში ჩვენი მოქალაქეებისთვისაა ხელმისაწვდომი“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.
 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი საბედაშვილმა საუბრისას აღნიშნა, რომ ოკუპაციას მრავალი გამოვლინება აქვს. მან განსაკუთრებული ყურადღება უკანონო ბორდერიზაციის პროცესზე გაამახვილა.
 

„ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. სამხედრო ბაზებია უკანონოდ განთავსებული. მთლიანობაში 8 000-დან 10 000-მდე საოკუპაციო ძალების წარმომადგენელია ჩვენს ტერიტორიაზე უკანონოდ განთავსებული. ეს წარმოადგენს გამოწვევას როგორც საქართველოსათვის, ასევე რეგიონისათვის, ევროპის უსაფრთხოებისათვის“, - განაცხადა გიორგი საბედაშვილმა.
 

ხათუნა ბურკაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
 

„პირველი, ეს გადაწყვეტილება ქმნის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისთვის მყარ საერთაშორისო სამართლებრივ საფუძვლებს. მეორე, რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენის მექანიზმია. მესამე, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ არსებული საქმეების საქართველოს სასიკეთოდ გადაწყვეტის შესაძლებლობაა, კერძოდ, ეს ისტორიული გადაწყვეტილება გვაძლევს შესაძლებლობას მოვიგოთ ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმე, რომლის თაობაზე საჩივარი 2018 წელს სტრასბურგის სასამართლოში შევიტანეთ. აღნიშნულ საქმეში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ჩვენი გმირების - არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას, დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებზე. მეოთხე, პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში აქტიურად დავაყენოთ საერთაშორისო მონიტორების ოკუპირებულ ტერიტორიებზე უშუალოდ შესვლის აუცილებლობის საკითხი, რაც უმნიშვნელოვანესია აღნიშნულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად“, - განაცხადა ბურკაძემ.
 

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა შეჯამებისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე დეოკუპაციის შესახებ. მისი თქმით, „რეზოლუცია აბსოლუტურად სწორად უსვამს ხაზს, რომ ეს კონკრეტული თემა უნდა იყოს განხილული შავი ზღვის რეგიონის ჭრილში. ქართული მიწების ოკუპაციის თემის სწორედ ამ ჭრილში განხილვა ძალიან სწორია, რადგან ამ კონფლიქტების ფესვები გაცილებით ღრმაა, ვიდრე ეს ზედაპირზე ჩანს.“
 

„ჩვენი მთავარი ამოცანა სწორი აქცენტების ფორმულირებაა, სათანადოდ ფორმულირებული აქცენტების სწორად მიტანაა საჭირო ადრესატამდე“, - დასძინა ვიქტორ ყიფიანმა.

გააზიარე: