ხათუნა ბურკაძე - მნიშვნელოვანია, მე-10 მოწვევის პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის შესახებ

ხათუნა ბურკაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ჰიბრიდული გამოწვევებისა და მათთან გამკლავების საშუალებების შესახებ ისაუბრა.
ხათუნა ბურკაძის განმარტებით, „საკანონმდებლო დონეზე, მნიშვნელოვანია, მე-10 მოწვევის პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის შესახებ. აღნიშნული რეზოლუცია, ერთი მხრივ, გამოკვეთს ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სისტემური ხედვის შემუშავების მნიშვნელობას და, მეორე მხრივ, განსაზღვრავს კიბერინციდენტებისა და კიბერშეტევების, დეზინფორმაციის, პროპაგანდისა და სხვა ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებებს. მოქმედი კანონმდებლობისა და „ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის საფუძველზე საქართველოს მთავრობა ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სტრატეგიას მიიღებს.“


„ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სტრატეგია შეეხება თანამედროვე ჰიბრიდული საფრთხეების ტიპებს, მათ შორის, დეზინფორმაციას, პროპაგანდას, კიბერინციდენტებს, საბოტაჟს. დოკუმენტი მკაფიოდ წარმოაჩენს ჰიბრიდული გამოწვევების არასამხედრო მახასიათებლებს, ტაქტიკას, გაანალიზებს მათ შესაძლო გავლენას ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ პროცესებზე და მათთან ბრძოლის გზებს გამოკვეთს“, - დასძინა ხათუნა ბურკაძემ. 


მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებსა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინსტრუმენტებზე. ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა: „საბოლოო ჯამში, კოორდინირებული და ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება უზრუნველყოფს ჰიბრიდულ გამოწვევებთან ბრძოლის მდგრადი ინსტიტუციური მექანიზმის ფორმირებას და ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების დაცვას. ასევე, სიტუაციური ცოდნა (არსის გაგება) და საზოგადოების ინფორმირება თანამედროვე გამოწვევებთან მიმართებით ქვეყნის მედეგობას გააძლიერებს“. 


გაეცანით ხათუნა ბურკაძის თვალსაზრისს



 

გააზიარე: