ხათუნა ბურკაძე - არჩევნების შედეგად მსოფლიოს წინაშე სტაბილურ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ უნდა წარმოვჩნდეთ

ხათუნა ბურკაძემ „ინტერპრესნიუსთან“  მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებისა და 2 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ისაუბრა. 
 


ხათუნა ბურკაძემ განაცხადა: „მსოფლიოში იკვეთება ცვლილებები ძალთა ბალანსის თვალსაზრისით. თუმცა ეს არ გულისხმობს ახალ ცივ ომს და შესაბამისად, არც ბანაკებად დაყოფილ მსოფლიოს. პირიქით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ანალიზის შედეგად უფრო მკაფიო ხდება რეგიონალური აქტორების გაძლიერებასთან ერთად ორმხრივი და სამმხრივი ფორმატების განვითარების აუცილებლობა“.


„ამასთანავე, თავისუფალი სამყაროს ლიდერები ყურადღებას ამახვილებენ დემოკრატიული ღირებულებების  დაცვაზე. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია პრეზიდენტ ბაიდენის განცხადება იმის თაობაზე, რომ "ავტორიტარიზმი მსოფლიოში შეიძლება ცდილობდეს დემოკრატიის ხანა დასრულებულად გამოაცხადოს, მაგრამ ისინი ცდებიან. დემოკრატიული სამყარო ყველგანაა“.  დემოკრატიისათვის ბრძოლა და მისი დაცვა განაპირობებს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის უზრუნველყოფას“, - დასძინა ხათუნა ბურკაძემ.


მისი თქმით, მსოფლიოში, განსაკუთრებით პანდემიის ფონზე, ყოველდღიურად იკვეთება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მნიშვნელობა. ეს მოცემულობა სახელმწიფოებისგან ახალ მიდგომებსა და ხედვებს მოითხოვს, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ციფრული პოლიტიკის, ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციური მომსახურების განვითარების მიმართულებით. 


ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა: „ახალი, მათ შორის ციფრული წესრიგის ჩამოყალიბების კვალდაკვალ საქართველოს საერთაშორისო არენაზე ახალი ნიშის პოვნა სჭირდება, რაც მიიღწევა ქვეყანაში სტაბილური გარემოს უზრუნველყოფითა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით. 2 ოქტომბრის არჩევნების მშვიდობიან და სამართლიან გარემოში ჩატარება უნდა გახდეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი თანამედროვე, სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში. ევროპული დემოკრატიული სისტემის შექმნა აუცილებელი წინაპირობაა თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში ღირსეული ადგილის დაკავებისა და ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვისათვის“. 

 

გაეცანით ხათუნა ბურკაძის თვალსაზრისს

 

გააზიარე: