„ჯეოქეისმა“ რუსეთის უკანონო ქმედებებზე ევროპარლამენტის გზავნილების შესახებ ვებინარი ჩაატარა

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ორგანიზებით ონლაინ განხილვა სახელწოდებით: “ევროპარლამენტის გზავნილები რუსეთის უკანონო ქმედებებზე“ გაიმართა.  ღონისძიების მიზანი გახლდათ 2021 წლის 16 სექტემბერს ევროპარლამენტის მიერ ევროკავშირისა და რუსეთის პოლიტიკური ურთიერთობების შესახებ მიღებული დოკუმენტის შეფასება; ევროკავშირის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებების განხილვა; კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ევროკავშირის როლის მნიშვნელობაზე მსჯელობა და ევროინტეგრაციის კონტექსტში „ასოცირებული ტრიოსათვის“ (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) ახალი სტრატეგიის შემუშავების შესაძლებლობების ანალიზი. 


„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა დისკუსიისას აღნიშნა, რომ დოკუმენტის ყოველი ახალი წაკითხვა, გაცნობა ახალ კითხვებსა და პასუხებს აჩენს.


„მართალია დოკუმენტს ჰქვია ევროკავშირი და რუსეთი, მაგრამ ამავდროულად ეს არის უშუალოდ ევროკავშირის რეფორმირებისა და ტრანსფორმირების ერთგვარი გზამკვლევი. პირობითად ვუწოდოთ „კუბილიუსის ფორმულა“,  მოვლენები შეიძლება იმდენად საინტერესოდ განვითარდეს და ახალი შესაძლებლობები გაჩნდეს, რომ ვფიქრობ ახლა უშედეგო იქნება, ოფიციალური თბილისის მხირდან რაიმეს პროგნოზირება“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა. 


„ერთია მზაობა ევროკავშირის გაწევრიანებაზე და მეორეა, რომ ჩვენ თვითონ ტრანსფორმირების პროცესში მყოფ ევროკავშირს უნდა დავეხმაროთ, რომ საკუთარი თავი ვიპოვნოთ განახლებულ ევროკავშირში. ჩვენს ხელთაა ინიციატივა განახლებულ ევროპაში წევრობაზე და ჩვენ თავი მხოლოდ მთხოვნელად არ უნდა მივიჩნიოთ“, -აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა. 


„იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და განვითარება მუდმივად დგას საფრთხის წინაშე, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკის განსაზღვრის ან თუნდაც მსჯელობის დროს საქართველოს საკითხი ყოველთვის იყოს  ჩვენი პარტნიორების დღის წესრიგში. საქართველო, ასოცირებულ პარტნიორებს შორის პირველი გამოვიდა ევროპული ამბიციების ბუნდოვანებიდან და ღიად დააფიქსირა სურვილი გააკეთოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი 2024 წელს და ამით ევროკავშირის დღის წესრიგში ოფიციალურად დააყენოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი, რაც ბუნებრივია ჩვენს ევროპულ მომავალს ბევრად უფრო ცხადს გახდის, ვიდრე ის დღეს გამოიყურება. ასოცირების შეთანხმების წარმატებით შესრულების შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზის 2/3-ზე მეტი უკვე გავლილი ექნება, რაც მნიშვნელოვნად  ამცირებს მანძილს საბოლოო მიზნამდე“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა. 


საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ქეთევან ჭუმბაძემ დისკუსიაში მონაწილეობისას ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მნიშვნელოვან როლზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. მან ისაუბრა 2021 წლის განმავლობაში ევროკავშირის ფარგლებში გააქტიურებულ დისკუსიებზე, თუ როგორ განხორციელდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სივრცეში გადაუჭრელი კონფლიქტების მოგვარების პროცესში ბრიუსელის უფრო ქმედითი და შედეგიანი ჩართულობა. ქეთევან ჭუმბაძემ აღნიშნა, რომ ამის დასტურია გიმნიხის შეხვედრისა და ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციებში მიმდინარე დინამიური განხილვები და შედეგად, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის სახელით საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში წარმოგზავნილი უმნიშვნელოვანესი მისია რუმინეთის, ავსტრიისა და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრების ხელძღვანელობით.  


საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ისაუბრა ევროპარლამენტის დოკუმენტის მნიშვნელოვან გზავნილებზე, სადაც პირდაპირაა აღნიშნული რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობა, უკანონო პასპორტიზაციის პროცესი და გააქტიურებული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები. ქეთევან ჭუმბაძის თქმით, ევროპარლამენტის დოკუმენტი წარმოადგენს მნიშვნელოვან პოლიტიკურ განაცხადს, რომ ევროკავშირი მოსკოვთან ნორმალური სამუშაო ურთიერთობების (business as usual) განახლების წინაპირობად ასახელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას, რაც მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი მაღალ დონეზე დგას ევროკავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგში.


ხათუნა ბურკაძემ განაცხადა: „ევროკავშირი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის დაცვის თვალსაზრისით, ასევე ევროინტეგრაციის კონტექსტში. ევროპარლამენტის მიერ რუსეთთან დაკავშირებით მიღებული დოკუმენტის თანახმად, რუსეთთან ურთიერთობები ჩვეულ რეჟიმში ვერ განხორციელდება, სანამ კრემლი არ შეწყვეტს მის აგრესიულ პოლიტიკასა და ჰიბრიდულ ომს ევროკავშირის, მისი წევრების, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სახელმწიფოების წინააღმდეგ და არ აღდგება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის კიდევ ერთი მკაფიო დასტური იმისა, რომ ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს“. 


„მნიშვნელოვანია, მომავალში კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთოს ევროკავშირის როლი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. ამასთანავე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით უნდა მივაღწიოთ“, - დასძინა ხათუნა ბურკაძემ.

გააზიარე: