„ჯეოქეისთან" პარტნიორობით ონლაინ განხილვა „სახალხო დიპლომატიის როლი ევროკავშირის გზაზე” გაიმართა

იტალიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, მარიამ ბოჭორიშვილის ინიციატივითა და ანალიტიკურ ორგანიზაცია „ჯეოქეისთან” პარტნიორობით, ონლაინ დისკუსია „სახალხო დიპლომატიის როლი ევროკავშირის გზაზე” გაიმართა.
 

ღონისძიების მონაწილეებმა, საპატიო სტუმრებმა: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა, „ჯეოქეისის” თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა, დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარმა, ელჩმა, მიხეილ უკლებამ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, პოლიტიკისა და პრესის განყოფილების თანამშრომელმა, თამრიკო მიქაძემ, საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა შვედეთში, ივერი კეკენაძემ, საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა ირლანდიაში, ნინო წერეთელმა, „ჯეოქეისის” ალუმნებმა, სოფიო ბაქრაძემ და გული ბეკურიშვილმა სახალხო დიპლომატიის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 
 

ღონისძიების მოდერატორმა, მარიამ ბოჭორიშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ შესახებ საუბრისას აღნიშნა: „ახალგაზრდა ელჩების“ მთავარი ამოცანა კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების განხორციელების მეშვეობით, ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოს ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ და საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის გაფართოებაა. ყველა კონკრეტულ ქვეყანაში არსებული მოცემულობისა და ვითარების, ქვეყნის სპეციფიკის მიხედვით იგეგმება ის ამოცანები და აქტივობები, რაც ახალგაზრდა ელჩის მიერ უშუალოდ არის დასაძლევი და შესასრულებელი. “ 
 

მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა ახალგაზრდა ელჩების ძალისხმევა  და სახალხო დიპლომატიის წარმოებისას მათი მხარდამჭერი აქტივობები მიმოიხილა. მისი თქმით, სახალხო დიპლომატია საგარეო ურთიერთობების ერთ-ერთი ფასეული ბერკეტია, ადამიანური კაპიტალის პოტენციალის გამოყენება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, უმნიშვნელოვანესია. როგორც მან აღნიშნა, სწორედ სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა საგრანტო პროგრამას ახორციელებს.
 

„საქართველოს დიასპორა შედარებით ახალგაზრდაა, დაახლოებით 25 წელს ითვლის და დღეს უკვე 200-ზე მეტი დიასპორული ორგანიზაცია გვაქვს. მნიშველოვანია დიასპორის როლი და უკუკავშირი იმ საერთო მიზნის მისაღწევად, რომელიც საგარეო პოლიტიკის სტრატეგიით არის განსაზღვრული. ეს კი უპირველესად არის ქვეყნის დეოკუპაცია, სუვერენიტეტის აღდგენა, ევროატლანტიკური მისწრაფებები, კულტურული დიპლომატია და სხვა,“- განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა. 
 

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობაზე  მსოფლიოში არსებული გამოწვევებისა და ჩვენი ქვეყნის რეალობის გათვალისწინებით ისაუბრა. 


„სახალხო დიპლომატიაზე საუბრისას ჩვენ ფაქტორივად ვსაუბრობთ არსებით ქართულ აქტივზე, რაც არის „რბილი ძალა“: ეს არის ჩვენი ინტელექტი, ჩვენი ნიჭი, რაც ამოუწურავი რესურსია. თანამედროვე დიპლომატია არ არის მხოლოდ დიპლომატების ასპარეზი. თუ არ იქნება საერთო ეროვნული ძალისხმევა ყველა მიმართულებით, დინამიურ სამყაროში ასეთი მცირერიცხვოვანი ერის ინტერესების განმტკიცება შეუძლებელი იქნება სახალხო დიპლომატიის, ქართული რბილი ძალის აქტიური გამოყენების გარეშე,“- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.


საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომელმა, დისკუსიაში მონაწილეობისას ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის პოლიტიკის აქცენტებზე საქართველოსთან მიმართებაში. თამარ მიქაძემ ისაუბრა იმ მხარდამჭერი აქტივობების შესახებ, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა ყოველწლიურად ახორციელებს. 


„საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა ზიარ ღირებულებებზეა დაფუძნებული, რაც არაერთი გამოსვლისას თავად აღუნიშნავს ევროკავშირის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კარლ ჰარცელს. ევროპული და ქართული ღირებულებების ერთმანეთისგან გამორჩევა არამართებულია, რადგან აქ განსხვავებებზე ვერც ვისაუბრებთ, რადგან ქართული კულტურა ევროპული კულტურის ნაწილია.  დღეს გვაქვს შესაძლებლობა დავეყრდნოთ ახალ თაობას. ჩვენ გვყავს ევროკავშირის ახალგაზრდა ელჩები ქვეყნის შიგნით, რომელებიც ყოველ წელს მონაწილეობენ რეგიონულ პროგრამაში,“- განაცხადა თამარ მიქაძემ. 


დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარმა, ელჩმა, მიხეილ უკლებამ 1993 წლიდან ევროკავშირთან დიპლომატიური ურთიერთობების  კონტექსტსა და  მნიშვნელოვან დეტალებზე ისაუბრა. მისი განცხადებით განსაკუთრებული როლი სწორედ ახალგაზრდა ელჩებს ენიჭება, რომ მათ ხელი შეუწყონ საქართველოს პოპულარიზაციას ადგილსამყოფელ ქვეყნებში. 


„საქართველოს აქვს მდიდარი ისტორია, კულტურა და ამას სჭირდება სწორი კომუნიკაცია, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ახალგაზრდა ელჩების ერთობლივი მუშაობის მთავარი გამოწვევაა“, -განაცხადა მიხეილ უკლებამ.  


ახალგაზრდა მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ევროკავშირის წევრობის მნიშვნელოვანი ნაწილი თავად მენტალური ევროპეიზაციის პროცესია, რომელიც საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე უნდა აისახოს. აქ მთავარია ფასეულობები, რომლებიც ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვასა და აღსრულებას გულისხმობს. მონაწილეებმა ევროკავშირისა და მისი ფასეულობების, ევროპული ღირებულებების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს.
 

 

იხილეთ ონლაინ განხილვის ჩანაწერი

გააზიარე: