მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ გუნდს ნიკოლოზ ხატიაშვილი შემოუერთდა არარეზიდენტი მკვლევრის პოზიციაზე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.
მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო უსაფრთხოების, დაზვერვის და კონტრდაზვერვის, ეროვნული უსაფრთხოებისა და ტერორიზმის საკითხები.
ბატონი ნიკოლოზი 15 წელზე მეტია მუშაობს, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში, აქედან 6 წელი - დიპლომატიურ სამსახურში.
იგი მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ დეპარტამენტში, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში და სხვა ორგანიზაციებში.
ნიკოლოზ ხატიაშვილი აკადემიურ საქმიანობას ეწევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უსაფრთხოების ექსპერტთა აკადემიაში. ასევე, არის 12 სტატიისა და კვლევის ავტორი და სპიკერის სტატუსით მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო კონფერენციაში.
იგი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ბაკალავრი, საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი და ამჟამად სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით.
ნიკოლოზ ხატიაშვილს სხვადასხვა დროს გავლილი აქვს ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების ევროპული ცენტრის, აშშ-ს ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის, დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო აკადემიის, ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის, ვენის დიპლომატიური აკადემიის, ეუთო/ოდირის, ევროპის კოლეჯის, ესტონეთის დიპლომატიური სკოლის, ევროპის უსაფრთხოების და თავდაცვის კოლეჯის, ნატოს კოლეჯის, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის, რონდელის ფონდის და სხვა ორგანიზაციების სასწავლო პროგრამები.
იგი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის დემოკრატიული ქსელის წევრია და აშშ-ის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის მმართველი საბჭოს (EPAG) წევრიც გახლავთ.