"აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის დეკლარაცია აღიარებს „ასოცირებული ტრიოს“ ინიციატივას, გააძლიეროს თანამშრომლობა ევროკავშირთან. ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ეფექტიანად განახორციელონ ასოცირების შეთანხმებებით, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები. ეს ხელს შეუწყობს აღნიშნული ქვეყნების ევროკავშირთან მეტად დაახლოებას, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით“, - ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შედეგების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირმა გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
„ევროინტეგრაციის გზაზე რეფორმების განხორციელება და თანამშრომლობის განმტკიცება რჩება აუცილებელ წინაპირობად პროგრესისა და მხარდაჭერის გაზრდისათვის“, - დასძინა ხათუნა ბურკაძემ.
როგორც ის აცხადებს, ევროკავშირის ლიდერები მიიჩნევენ, რომ დესტაბილიზაციის შემცველი მოქმედებები, რომლებიც ხელყოფენ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის საფრთხეს წარმოადგენენ.
ასევე, მან ისაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ გაკეთებული განცხადების თაობაზე, რომლის თანახმად, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ ნებისმიერ შემდგომ აგრესიაზე ევროკავშირი მტკიცედ იმოქმედებს.
„ევროკავშირის ახალი დღის წესრიგი საწყის ეტაპზე მოიცავს 2.3 მილიარდ ევროს. თუმცა, რეგიონალური ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, 17 მილიარდ ევრომდე თანხის მობილიზებაა გათვალისწინებული. აღნიშნული დღის წესრიგის მიზანია, ხელი შეუწყოს პარტნიორ სახელმწიფოებში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას. ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება და კორუფციასთან ბრძოლა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მთავარ ამოცანებად რჩება, მათ შორის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის კონტექსტშიც. ევროკავშირი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს პრინციპზე „მეტი მეტისათვის“, რაც ნიშნავს მეტი შესაძლებლობების მიცემას იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც უკეთ შეძლებენ რეფორმების დღის წესრიგის პრაქტიკაში განხორციელებას. შესაბამისად, „ასოცირებული ტრიოს“ მიერ რეფორმების გაგრძელება და მათი წარმატებით განხორციელება 2023 წლის სამიტზე ევროპული პერსპექტივის მეტად გამოკვეთის შესაძლებლობად უნდა იქცეს“,-განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.