ნიკოლოზ ხატიაშვილი ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს აფასებს

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ არარეზიდენტი მკვლევარი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ნიკოლოზ ხატიაშვილი ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს აფასებს.
 

მისი განცხადებით, გამოქვეყნებულ ანგარიშში ასახულია ყველა ის გლობალური ტერორისტული საფრთხე და გამოწვევა, რომლის წინაშეც მსოფლიო იდგა 2020 წლის განმავლობაში. ასევე, საუბარია ყველა ნაბიჯებსა და ღონისძიებაზე, რომელიც გადადგა როგორც აშშ-მა, ასევე სხვა ქვეყნებმა ტერორიზმთან, რადიკალიზაციასთან და ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლის კუთხით.
 

„დოკუმენტის მიხედვით, მიუხედავად არაერთი ღონისძიებისა და მნიშვნელოვანი პროგრესისა, ისლამური სახელმწიფო კვლავ წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს მსოფლიოსთვის. ამ კუთხით, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ერაყში, სირიასა და აფრიკის კონტინენტზე. დიდი ყურადღება ეთმობა საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას, როგორც ტერორიზმთან ბრძოლის ეფექტურ საშუალებას.


ხაზგასასმელია, რომ ანგარიშში საუბარია საქართველოზე, როგორც გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლის მნიშვნელოვან კონტრიბუტორზე და აშშ-ის მოკავშირე ქვეყანაზე რეგიონში. კონტრტერორისტული მიმართულებით, საქართველოს შესაბამისი უწყებების პროფესიონალიზმს, ასევე როგორც მათ მიერ გაწეულ საქმიანობას, მიღწეულ შედეგებსა და პროგრესს მაღალ შეფასებას აძლევს სახელმწიფო დეპარტამენტი, რაც უსაფრთხოების სფეროში საქართველო-აშშ-ის მტკიცე თანამშრომლობის მკაფიო გამოხატულებაა,“- განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.

გააზიარე: