ხათუნა ბურკაძე - 2022 წელს ქვეყნის განვითარების საერთო დღის წესრიგის შემუშავება უნდა შევძლოთ

“2022 წელს ქვეყნის განვითარების საერთო დღის წესრიგის შემუშავება უნდა შევძლოთ, რომელიც გულისხმობს კომპრომისისა და კონსენსუსის გზით იმ მთავარ საკითხებზე შეთანხმებას, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს აერთიანებს. ერთიანობა ქვეყნისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკვანძო მიმართულებებთან დაკავშირებით წარმოადგენს იმ კრიტიკულად მნიშვნელოვან ფაქტორს, რომლის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია ურთულეს გამოწვევებთან გამკლავება. მით უფრო, როცა მცირე სახელმწიფოს წარმოადგენ და ყოველდღიურად გიწევს ბრძოლა ოკუპაციასა და ანექსიასთან”,  - ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ „ინტერპრესნიუსთან“    განაცხადა.

 
“სახელმწიფოებრივი მიდგომა მოითხოვს ქვეყნის საკვანძო თემების ზეპარტიულ ჭრილში განხილვას და როგორც სახელმწიფოს შიგნით, ასევე საერთაშორისო არენაზე პროცესების მთელი სიზუსტით გაანალიზებას, ასევე, ყველა შესაძლო სცენარისათვის მზადებას, განსაკუთრებით პოლიტიკის დაგეგმვის პროცესის გაძლიერებას კოორდინაციის ახალი მექანიზმების განვითარების ჩათვლით. ეს აუცილებელია აღსრულების სისტემის ეფექტიანობისა და მისი არქიტექტურის საბოლოოდ ჩამოყალიბებისათვის”, - დასძინა ხათუნა ბურკაძემ.
 

„2022 წელს  გაგრძელდება პანდემიასა და მის თანმდევ გამოწვევებთან გამკლავება. ამასთანავე, რუსეთის აგრესიული მოქმედებები კვლავ საფრთხის შემცველი იქნება როგორც ჩვენი რეგიონისათვის, ასევე,  საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობისათვის. მეტიც, შესაძლოა, რუსეთმა  უკრაინის წინააღმდეგ ხელახლა განახორციელოს სამხედრო მოქმედებები, მათ შორის ფართომასშტაბიანიც. ეს ურთულესი მოცემულობა გვკარნახობს, რომ დროა, ერთიანი ძალისხმევით, ყველა შესაბამისი აქტორის ჩართულობით, მთელი აქცენტები გადავიტანოთ უსაფრთხოების, თავდაცვის, ჯანდაცვის, ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების, სოციალური პროგრამების, ციფრული პოლიტიკის საკითხებზე. ასევე, გავაძლიეროთ პარტნიორებთან თანამშრომლობა ურთულეს საერთაშორისო გარემოში ჩვენი ინტერესების დასაცავად, დეოკუპაციის მიმართულებით ხელშესახები შედეგების მისაღწევად  და რეფორმების განხორციელების პროცესში ფინანსური, სხვა ტიპის დახმარების, მხარდაჭერის გაზრდისათვის. ეს უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის იმ ევროპული მომავლისათვის, რომელიც პირდაპირ კავშირშია საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობასა და მათი უფლებების უზრუნველყოფის თანამედროვე შესაძლებლობების შექმნასთან“, - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.
 

გააზიარე: