„ჯეოქეისის“ ორგანიზებით ონლაინ დისკუსია რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების შესახებ გაიმართა

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ორგანიზებით ონლაინ დისკუსია „რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება: რა ხდება უკრაინაში და მის ირგვლივ“ გაიმართა.
 

ონლაინ განხილვას მოდერატორობა „ჯეოქეისის“ თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორმა, გიორგი ანთაძემ გაუწია. სამხედრო ანალიტიკოსმა, ისტორიკოსმა გიგა ინაშვილმა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის რეპორტიორმა, სამხედრო-ანალიტიკური გადაცემის ავტორმა და რეჟისორმა გიორგი წეროძემ უკრაინაში და მის ირგვლივ არსებული სიტუაციის სამხედრო პოლიტიკური ასპექტები განიხილეს.
 

გიორგი ანთაძემ დისკუსიისას მოვლენების განვითარების რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი მიმოიხილა. მან აღნიშნა, რომ უკრაინის მაგალითზე კარგად გამოჩნდა რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო აქტიურობა.
 

„იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს დაცული, მოქალაქეების ჩართულობა, საერთო ეროვნული თანხმობა უსაფრთხოების და კონსესუსი თავდაცვის მიმართულებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ნათლად გამოჩნდა, რომ თანამედროვე ომებში მარტო არმია ვერ იომებს სამშობლოს დასაცავად და მოქალაქეების ჩართულობა მნიშვნელოვანი ფაქტორია. უკრაინაში დამდგარი შედეგები გლობალურ გავლენას მოახდენს თანამედროვე სამხედრო-პოლიტიკური მოვლენების განვითარებაში,“-განაცხადა გიორგი ანთაძემ.
 

რუსეთ-უკრაინის სამხედრო დაპირისპირების დეტალებზე ისაუბრა გიორგი წეროძემ, მისი თქმით მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ჯარს რეალურად არ ჰყავდა მთავარსარდალი მათ მოხალისეობრივი ჯგუფების ძალისხმევით მოახერხეს და ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი ლოკაციები ჯერ კიდევ 2014 წელს არ დათმეს. პოლიტიკური მოცემულობის შეფასებისას, გიორგი წეროძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მხოლოდ რუსეთის ფავორიტის მოსვლა, იანუკოვიჩის მაგალითზე და პრორუსული ძალების ასეთი დაწინაურება წარმოუდგენლად რთული იქნება, მიუხედავად რუსული სპეცსამსახურების დიდი გამოცდილებისა, პოლიტიკური ფიგურების დისკრედიტაციის მიმართულებით. ყველასათვის ნათელია- ისინი ძალისხმევას არ დააკლებენ, მსგავსი პროცესებით მაქსიმალური გავლენა, რომ მოახდინონ ხელისუფლების დაკომპლექტებისას.
 

„ომის დაწყების შემთხვევაში აბსოლუტურად შესაძლებელია რუსეთის ფედერაციამ სტრატეგიული ობიექტების, მაგალითად დნეპრის კაშხლისა და სხვა ელექტრო კვანძების განადგურება სცადოს, თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ ომი არ იქნება და ეს დანახარჯები რუსებს არ უღირთ, ეს არის ფსიქოლოგიური წნეხი, იმ კულუარულ მოლაპარაკებებზე რომლის დეტალებიც ჩვენ არ ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ ომის ბევრი მარკერი არსებობს და რუსეთის ფედერაციისგან არაფერია გამორიცხული, მე მაინც ვფიქრობ, რომ ომი არ იქნება,“-განაცხადა გიორგი წეროძემ.
 

სამხედრო ანალიტიკოსმა, ისტორიკოსმა გიგა ინაშვილმა სამხედრო ოპერაციის წარმოების, დაპირისპირებული მხარეების ჯარის შემადგენლობისა და საომარი ტაქტიკის შესახებ ისაუბრა. პანდემიის, ბუნებრივი ფაქტორების გათვალისწინებით მისი თქმით მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში დაიწყება სამხედრო მოქმედებები, რადგან ამხელა რესურსის მობილიზება საველე ბანაკში ხანგრძლივი პერიოდით ძალიან დიდ სირთულეებს შექმნის. სწორედ ამიტომ მისი აზრით საომარი მოქმედებების დაწყებამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი.
 

„13 თებერვლიდან- 19 თებერვლამდე რუსეთის ფლოტის მიერ დაგეგმილია მასშტაბური სწავლება, დესანტის გადასხმა. მათ მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შავ ზღვაში მთლიანად გადაკეტილია საზღვაო ზოლი. მე, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ საომარი მოქმედებები სწორედ ამ დროს ან სწავლების დასრულებისთანავე დაიწყება. ომი სარაკეტო დამუშავებით დაიწყება და გაგრძელდება მასირებული დესანტის გადასხმით ოდესა-მარიუპოლის მიმართულებით,“- აღნიშნა გიგა ინაშვილმა.
 

„ჯეოქეისის“ ორგანიზებით სხვადასხვა თემაზე დისკუსიების სერია კვლავ გაგრძელდება.

 

იხილეთ დისკუსია

გააზიარე: