რუსეთმა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებით კვლავ უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები. ხელახლა ხელყო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა. რუსეთის აგრესიული, დესტრუქციული მოქმედებები საფრთხეს უქმნიან თანამედროვე საერთაშორისო წესრიგს. კრემლი იმ მეთოდებს იყენებს, რომლებიც 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა, - ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ განაცხადა.
„ევროპული უსაფრთხოება სახიფათო ფაზაშია. სამწუხაროდ, რუსეთს ძალის მკაფიოდ დემონსტრირების ენა უფრო ესმის. შესაბამისად, აუცილებელია იმის მეტად ჩვენება, რომ კრემლს ომი სტრატეგიულად ძვირად დაუჯდება და ნეგატიურად აისახება პოლიტიკური ხელმძღვანელობის მომავალზე. ეს მოითხოვს როგორც ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებით უპრეცედენტო ერთიანობას, ასევე რუსეთის აგრესიის შეკავების პაკეტში თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტრუმენტების, კომპონენტების მეტად გამოკვეთას. საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში აუცილებელია აგრესორს თვალნათლივ დაანახო, თუ რამდენად დააზიანებს მის მიერ დაგეგმილი თავდასხმის განხორციელება მისსავე რაციონალურ თუ ირაციონალურ ინტერესს“, - აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ.
მისი თქმით, უკრაინაში ფართომასშტაბიანი საომარი ოპერაციების განხორციელება თავდაყირა დააყენებს დღევანდელ საერთაშორისო წესრიგს.
„საქართველო და უკრაინა იმსახურებენ მეტს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, სხვაგვარად თითოეულ ჩვენგანს გაუჭირდება უსაფრთხოების მყარი გარანტიების შექმნა. არსებული რთული გარემო ლიდერებისგან მტკიცე გადაწყვეტილებების მიღებასა და განხორციელებას მოითხოვს, რათა გრძელვადიანი მშვიდობა უზრუნველყოფილი იყოს. შედეგზე ორიენტირებული ზომებითაა შესაძლებელი საერთო ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.
„აუცილებელია, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში აღნიშნული გადაწყვეტილების განხილვის საფუძველზე მყისიერი რეაგირება, კერძოდ, პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა ტიპის ზომების მიღება იმ წესების, ნორმების დასაცავად, რომლებსაც თანამედროვე საერთაშორისო სისტემა ეფუძნება“, - დასძინა ხათუნა ბურკაძემ.