ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა RUCARR-ის მოწვევით სემინარი გამართა

მალმოს უნივერსიტეტთან (შვედეთი) არსებული რუსეთისა და კავკასიის რეგიონული კვლევის ცენტრის RUCARR მიწვევით, „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა გამართა ონლაინ სემინარი თემაზე: „30 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან: მიღწევები, გამოწვევები და შესაძლებლობები".


სემინარის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომი პერიოდის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენების მიმოხილვა. ასევე, ქვეყნის წინაშე არსებულ გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ გამოწვევებსა თუ შესაძლებლობებზე მსჯელობა.


ღონისძიებას შვედეთისა და საქართველოს აკადემიური სექტორის წევრები, დიპლომატიური წრის წარმომადგენლები და თემით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.


ვიქტორ ყიფიანის მოხსენება შეეხებოდა როგორც საქართველოს საერთაშორისო და რეგიონული პოზიციონირების, ასევე საშინაო პოლიტიკის საკითხებს, მათ შორის საქართველოს პოლიტიკური სისტემის მედეგობასა და ეკონომიკის მდგრადობას.


საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებაზე საუბრისას, ვიქტორ ყიფიანმა ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი ევროპასა და ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან დაახლოებაა, თუმცა ეს გზა მეტად საპასუხისმგებლოა, პროცესი კი - ორმხრივი. ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი რეაქცია ექნება ევროპასა და ევროატლანტიკურ საზოგადოებას ქართულ საკითხებზე, როგორ შეაფასებენ ისინი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. 


„საქართველოს რეფორმები და მიზნები, მისი წარმატების ისტორია მრავლისმომცველია და ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული. საქართველოს წინსვლას ისიც განაპირობებს თუ რამდენად მიმღებია ევროპული საზოგადოება, რამდენად კარგად იცნობენ რეგიონს და იმ პატარა ერს, რომელიც ასე ბევრი გამოწვევისა და შესაძლებლობის წინაშე დგას“, - აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა. 


მისი თქმით, ამ გზაზე ყველაზე დიდი დაბრკოლება ოკუპაციაა. ასევე, შეცდომაა, როდესაც დასავლელი ექსპერტები და მეცნიერები თავიანთ სტატიებსა და კვლევებში საქართველოში არსებულ კონფლიქტებს (აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები) ხშირად მოიხსენიებენ ეთნიკურ კონფლიქტებად. სინამდვილეში ეს კონფლიქტები თავისი მახასიათებლებით გეოპოლიტიკური კონფლიქტებია, რადგანაც ისინი საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზნების საპასუხოდ გაჩნდა”.


ვიქტორ ყიფიანმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესახებაც ისაუბრა და კონსტიტუციური მნიშვნელობის შეთანხმებებად შეაფასა.


საქართველოს პოლიტიკური სისტემის შეფასებისას, მან დაასახელა მთელი რიგი გამოწვევებისა, რომლებიც, მისი თქმით, როგორც საქართველოსთვის, ისე სხვა გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი. პოლიტიკური კულტურისა და სტანდარტების არასაკმარისი დონე, არაინკლუზიურობა, ე.წ. ნულოვანი ჯამის თამაში გავლენას ახდენს ქართული პოლიტიკური ცხოვრების ხარისხზე.


„ქართველ ამომრჩეველს ახალი პოლიტიკური პარტიებისა და ლიდერების ხილვა სურს.  როდესაც მე ვამბობ "ახალს", ეს არა მხოლოდ სახეებს, არამედ ხარისხს, სტანდარტებსა და კრიტერიუმებსაც ეხება. ჩვენ, „ჯეოქეისი“, ბოლო წლების განმავლობაში მხარს ვუჭერთ ქართული პოლიტიკური ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, ჩვენს შეფასებებში ვერასდროს შეხვდებით კონკრეტული პიროვნებების სახელებს, რადგან ჩვენ სტანდარტები, კრიტერიუმები და მიდგომები გვაინტერესებს. პერსონიფიცირებული პოლიტიკა ის მოჯადოებული წრეა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაირღვეს“.


ასევე, „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ ქვეყნის მთავარ გამოწვევებს შორის პასუხისმგებლობიანი ოპოზიციური სპექტრის ნაკლებობა, რადიკალიზებული მედია და პოლიტიზებული არასამთავრობო ორგანიზაციები დაასახელა.


მან მოკლედ მიმოიხილა საქართველოს სასამართლო სისტემა და მის რამდენიმე დადებით და უარყოფით ასპექტს გაუსვა ხაზი. აღნიშნა, რომ ბოლო დროს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესი მეტად პოლიტიზებული იყო. მისი აზრით, თუკი დანიშვნის პროცესი დამსახურებაზე დაფუძნებული არ იქნება, ქვეყანას სანდო სასამართლო სისტემა ვერ ექნება.


„ევროპასთან დაახლოება უზენაესი ამოცანებისა და საიმედო საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის ქონას ნიშნავს. საქართველომ, როგორც რეგიონის რბილმა ძალამ ყველა ეფექტიანი ინსტრუმენტის გამოყენებით, რეგიონის ლიდერობა უნდა შეძლოს. სწორედ მდგრადი პოლიტიკურ სისტემა უნდა იქცეს ჩვენს გეოპოლიტიკურ, თუ გნებავთ, გეოეკონომიკურ სავიზიტო ბარათად. ეს კი არა მხოლოდ საქართველოსთვის, რეგიონისთვისაც სასარგებლო იქნება“, - აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.


ღონისძიების დასასრულს, კითხვა-პასუხის რეჟიმი დახურულ ფორმატში გაიმართა.  

 

იხილეთ სემინარის საჯარო ნაწილის ჩანაწერი
 

გააზიარე: