ანალიტიკურმა ორგანიზაციამ „ჯეოქეისი“ ორგანიზება გაუწია ვებინარს თემაზე "რუსეთის დემარში: პოლიტიკური და სამხედრო შედეგები".
ვებინარის საპატიო სტუმრები და მომხსენებლები იყვნენ: რიჩ ბრეიდი, CDFM, CGFM, CMA, ამერიკის სამხედრო კონტროლიორების საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი; დაკოტა ვუდი, თავდაცვის პროგრამების უფროსი მკვლევარი, ეროვნული თავდაცვის ცენტრი, დევისის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტი, Heritage Foundation; ვახტანგ კაპანაძე, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, გენერალ-მაიორი (გადამდგარი), „ჯეოქეისის“ მრჩეველი.
დისკუსიას მოდერატორობას „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი უწევდა.
ღონისძიების მიზანს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისა და რუსეთსა და ნატო/აშშ-ს შორის არსებული დაძაბულობის განხილვა წარმოადგენდა. სპიკერებმა NATO-ს აღმოსავლეთი ფლანგის შესახებ ისაუბრეს და მსმენელებს გაუზიარეს თავიანთი შეხედულებები იმის შესახებ, თუ როგორი გავლენა შეიძლება იქონიოს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა ევრაზიის უსაფრთხოებასა და გეოპოლიტიკაზე. ასევე, რა შედეგების მომტანი იქნება არსებული კონფლიქტი პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით.
სიტყვით გამოსვლისას, რიჩ ბრეიდიმ ხაზი გაუსვა იმას, თუ როგორ შეიცვალა წლების განმავლობაში ომმა ფორმა, ხასიათი და ამასთან ერთად, როგორ შეიცვალა ქვეყნების უსაფრთხოების პოლიტიკა და სამხედრო აგრესიის შემაკავებელი ფაქტორები. მისი თქმით, შეერთებული შტატებისა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შორის ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეზე თანამშრომლობის გაზრდის დიდი შესაძლებლობაა, მათი ისტორიისა და საომარი ეთიკის გათვალისწინებით, თუმცა, ეს ყველაფერი მხარეთა სტრატეგიულ სურვილზეა დამოკიდებული.
დაკოტა ვუდმა აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამ ბევრი მთავრობა აიძულა გადაეფასებინა რისკები და მოლოდინები, რომლებიც რეალურ ომს თან ახლავს. ალიანსებზე საუბრისას კი აღნიშნა: „ქვეყნებმა, რომელთაც რთული სამეზობლო აქვთ, პირველ რიგში, საკუთარი შესაძლებლობების გაზრდაზე უნდა იზრუნონ და შემდეგ გახდნენ იმ გაერთიანებების კონტრიბუტორები, რომელთა წევრობაც სურთ. იყოს პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო თვალსაზრისით სტაბილური და სხვებისაგან დამოუკიდებლად რაც შეიძლება ძლიერი, თავად საქართველოს საუკეთესო ინტერესშია.“
ვახტანგ კაპანაძემ რუსეთის სამხედრო სტრატეგია მიმოიხილა და ხაზი გაუსვა დასავლეთისა და NATO-ს მხრიდან უკრაინის ტექნიკური მხარდაჭერის გაზრდის მნიშვნელობას. „აშკარაა, რომ დღევანდელი უკრაინის შეიარაღებული ძალები ბევრად ძლიერია 2014 წელთან შედარებით. სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან უკრაინის სამხედრო ძალებისადმი უპრეცედენტო მხარდაჭერა კი მოწინააღმდეგისათვის წინააღმდეგობის გაწევის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფაქტორია“, - განაცხადა მან.
ვიქტორ ყიფიანმა, ვებინარის შეჯამებისას, ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერებაზე და აღნიშნა: „რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი ლაკმუსის ქაღალდია მრავალი მიზეზის გამო. როგორც ჩანს, მსოფლიო უფრო მეტად ე.წ. hub-and-spoke უსაფრთხოების მოდელებზე გადადის. ამ თვალსაზრისით, შავი ზღვა, ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან ერთად, ძალზე ძლიერი ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს თავდაცვის უსაფრთხოებისა და რეგიონში აშშ-ის პოტენციალისა და ინტერესების გაძლიერების თვალსაზრისით.“
ვებინარის დასასრულს გამოითქვა სურვილი, რომ განხილული თემის მეტი დეტალისა და სხვა ასპექტების შესახებ დისკუსია კვლავ გაიმართოს.
იხილეთ ვებინარის ჩანაწერი