„ისტორიულად, საქართველო, როგორც ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, ყოველთვის მიისწრაფოდა და მიისწრაფვის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ. განსაკუთრებით მცირე სახელმწიფოებისთვის მნიშვნელოვანი იყო და არის რეალურად არათანაბარ საწყისებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემაში პარტნიორების მხარდაჭერა. ბუნებრივია, საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაცია. ჩვენი ისტორიული არჩევანი საქართველოს კონსტიტუციით - ქვეყნის უზენაესი კანონითაა განმტკიცებული, რაც გულისხმობს კონსტიტუციური ორგანოების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომის მიღებას ევროკავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“, - ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების შემდეგ მიეცა ისტორიული შანსი გადაედგა ნაბიჯები ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისკენ, რომლის მცდელობა ქონდა ჯერ კიდევ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების შედეგად, რომელმაც ფასეულობათა განვითარების თვალსაზრისით იმ პერიოდში დროსაც კი გაუსწრო. თუმცა ისტორიულმა უკუღმართობამ წაგვართვა ეს შესაძლებლობა.
„დღეს კი ურთულეს გარემოში გვიწევს ცხოვრება. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიული ქმედებები წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისადმი ერთგული აქტორებისგან მოითხოვს მეტ არაორდინალურ გადაწყვეტილებებს, რათა შევაჩეროთ რუსეთის სამხედრო აგრესია. საქართველოც არაერთგზის აღმოჩნდა სამიზნე რუსეთის აგრესიული მოქმედებების და ახლაც ამ საფრთხის წინაშე ვდგავართ“, - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.
„საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოში შეტანილ განაცხადს ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ეს პროცესი საქართველოსათვის უნდა გახდეს საფუძველი ევროინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადასასვლელად, რომლის შედეგად ქვეყნის ევროპული პერსპექტივა უფრო მკაფიოდ გამოიკვეთება. პროცედურების თანახმად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების გადაწყვეტილების საფუძველზე ევროკომისია შეისწავლის უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას განაცხადებს“, - აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ.
მისი განმარტებით, ევროკომისია, როგორც ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო იწყებს იმის შესწავლას, თუ რამდენად შეესაბამება სახელმწიფო „კოპენჰაგენის კრიტერიუმებს“. აღნიშნული კრიტერიუმები აერთიანებენ სამ მთავარ კომპონენტს: პოლიტიკურ კრიტერიუმს, რომელიც გულისხმობს მდგრადი პოლიტიკური ინსტიტუტების ფუნქციონირებას დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დასაცავად; ეკონომიკურ კრიტერიუმს - ეკონომიკური სისტემის მდგრადობასა და ევროკავშირის ბაზართან კონკურენციის უნარს; სამართლებრივ კრიტერიუმს - ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობას.
„ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, ერთობლივი ძალისხმევით, ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმებისათვის საერთო დღის წესრიგი შეიქნას. ეს კი შექმნის მყარ საფუძველს ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოსათვის. ასევე, სტრატეგიული კომუნიკაციის არხების გაძლიერებით, მნიშვნელოვანია ევროკომისიასთან აქტიური მუშაობა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპული მიზნების მიღწევას“, - დასძინა ხათუნა ბურკაძემ.