ხათუნა ბურკაძე - დღეს უკრაინელები ჩვენი უსაფრთხოებისთვისაც იბრძვიან და უპრეცედენტო მხარდაჭერა სჭირდებათ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიფიქროთ უკრაინის, დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის ალიანსში საქართველოს ჩართულობაზე

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ საომარ მოქმედებებზე, იმაზე, სავარაუდოდ, შეძლებს თუ არა კოლექტიური დასავლეთი რუსული აგრესიის შეჩერებას, შექმნილ ვითარებაში რა უნდა გააკეთოს საქართველომ პარტნიორებთან ერთად, რომ უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება, „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორს, საერთაშორისო სამართლის დოქტორს, პროფესორს, ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის კურსდამთავრებულს, ჰარვარდის მოლაპარაკებების პროგრამის მონაწილეს ხათუნა ბურკაძეს ესაუბრა.
 

ხათუნა ბურკაძემ გამოხატა მტკიცე სოლიდარობა და მხარდაჭერა თავისუფლებისათვის მებრძოლი უკრაინელი ხალხის მიმართ. მან განაცხადა: „რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო მოქმედებები საფრთხის შემცველია არა მხოლოდ ევროპული უსაფრთხოებისათვის, არამედ მთლიანად წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისათვის. რუსების მიერ ხდება საერთაშორისო სამართლის ყველა ფუნდამენტური პრინციპის ერთდროულად ხელყოფა და სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ ყველა აკრძალული მეთოდის გამოყენება“.
 

მისი თქმით, აუცილებელია გაგრძელდეს მტკიცე და ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღების, განხორციელების პროცესი, რათა უკრაინას ჰქონდეს მეტი სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული ინსტრუმენტი.
 

ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა: „ქართველმა ხალხმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა უკრაინელი ხალხისადმი. ქართველები და უკრაინელები ყოველდღიურად ვართ მომსწრენი იმისა, თუ როგორ ხელყოფს რუსეთი ჩვენს ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტს.


თავად 10 წლის ასაკიდან დევნილი ვარ და 21-ე საუკუნეში არ შემიძლია ჩემი მშობლიური ქალაქის, სოხუმის მონახულება. ჩვენ წლებია ამ უსამართლობასთან, უკანონობასთან გამკლავება გვიხდება.


შესაბამისად, რუსეთიდან მომდინარე გამოწვევების დაძლევა, უპირველეს ყოვლისა, სიმტკიცეს, მედეგობას მოითხოვს, რაც ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა არაერთგზის აჩვენეს.


მიუხედავად ამისა, დღეს, პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში, პოლიტიკურ აქტორებს შორის არ არსებობს კონსენსუსი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც გვაერთიანებს და ეხება ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას, სახელმწიფოებრიობას“.

 

„ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ვითარების საერთო სურათის ანალიზის შედეგად, აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება და კონსოლიდაცია, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი თავისუფლება, ჩვენი შვილების მომავალი. ყველაფერზე მაღლა სახელმწიფოებრივი ინტერესები უნდა დავაყენოთ“, - დასძინა ხათუნა ბურკაძემ. 

 

გაეცანით ხათუნა ბურკაძის ინტერვიუს
 

გააზიარე: