„ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში არსებული ეროვნული სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის საპატიო მკვლევარს, პროფესორ ჯეფრი მანკოფს შეხვდა.
შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. იმსჯელეს თუ როგორი შეიძლება იყოს უსაფრთხოების გარემო ომის მიმდინარეობისა და მისი შესაძლო შედეგების გათვალისწინებით, ასევე, რა მოლოდინები და პრიორიტეტები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ამ ეტაპისათვის; ანალიტიკოსებმა ისაუბრეს NATO-ს გაფართოების საკითხზე და ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს პოზიციონირებაზე უკრაინაში მიმდინარე ომისა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტის გათვალისწინებით.
„მოხარულები ვართ, რომ „ჯეოქეისმა“ პროფესორ მანკოფს უმასპინძლა. ჩვენი საუბარი ძალიან ნაყოფიერი იყო. ვიმსჯელეთ რეგიონთან დაკავშირებულ მწვავე საკითხებზე, ერთმანეთს გავუზიარეთ კონკრეტული ინიციატივები და გადაწყვეტები ამ მიმართულებით.“- აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.
შეხვედრა საინტერესო იყო იმის გათვალისწინებითაც, რომ საუბრისას განხილულ საკითხებთან დაკავშირებით ეროვნული კვლევის ინსტიტუტი (INSS) ანგარიშს ამზადებს. ასევე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების პოლიტიკის კონცეფციაზე მუშაობს თეთრი სახლის ადმინისტრაციაც. შავი ზღვის სტრატეგიის განვითარების მიზნით, INSS-ის ანგარიში აშშ-ის ოფიციალურ პირებს დაეგზავნებათ.