ხათუნა ბურკაძე - კრემლმა ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში ჩადენილი მკვლელობებისათვის პასუხი უნდა აგოს, რაც აუცილებელია ღირებულებებისათვის ბრძოლაში ბოროტების დასამარცხებლად

ხათუნა ბურკაძემ „ინტერპრესნიუსთან“  საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის გამოწვევების  შესახებ ისაუბრა.


ხათუნა ბურკაძემ განაცხადა: “რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების ფონზე, კვლავ გავხდით მოწმენი იმისა, თუ როგორი მოწყვლადია საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა ქვეყანამ - რუსეთის ფედერაციამ ხელახლა დაარღვია გაერო-ს წესდების მე-2 ფუნდამენტური მუხლი და გამოიყენა ძალა სუვერენული უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა და მთელი რიგი აგრესიული მოქმედებების განსახორციელებლად. ერთ თვეზე მეტი ხანია ომი მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. ის ბომბავს საბავშვო ბაღებს, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ჰოსპიტლებს, სამოქალაქო დასახლებებს, სამედიცინო დაწესებულებებს, იყენებს აკრძალულ იარაღს, ახორციელებს აგრესიულ მოქმედებებს ატომურ ელექტროსადგურებზე და მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით იმუქრება. კრემლის მიერ კიევის ოლქში მდებარე ქალაქ ბუჩაში განხორციელებული მასობრივი ხოცვა-ჟლეტა კი მკაფიოდ აჩვენებს ბოროტების მანქანის უსასტიკეს მხარეებს. ბუჩას უმძიმესი კადრები ილუსტრაციაა იმისა, თუ კრემლი როგორ ქმნის ჯოჯოხეთს დედამიწაზე. აღნიშნული მოქმედებები კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ და ომის დანაშაულებს წარმოადგენენ“. 


„ეს ცხადყოფს, რომ კრემლისათვის ყველა კანონგარეშე, დაუშვებელი საშუალება მისაღებია მისი იმპერიალისტური მიზნების მისაღწევად. ის დაცლილია მორალური კატეგორიებისგან. კრემლი ისწრაფვის ტერიტორიების დაპყრობისკენ დამოუკიდებელი სახელმწიფოსათვის გენოციდის მოწყობის ფასად. აუცილებელია, დაჩქარებული წესით, დადგეს აგრესორის საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. სამართლიანობის აღდგენის გარეშე წარმოუდგენელია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის უზრუნველყოფა და მშვიდობის დაცვა მომავალში“, - დასძინა ხათუნა ბურკაძემ.


მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომმა ძალიან მკაფიოდ აჩვენა გლობალური კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის მთავარი გამოწვევები. უშიშროების საბჭომ ამჯერადაც ვერ მიიღო სავალდებულო ძალის მქონე რეზოლუცია, რომელიც რუსეთის შეიარაღებულ ფორმირებებს აიძულებდა უკრაინის დატოვებას. ბუნებრივია, რუსეთი მისი ინტერესების საწინააღმდეგო რეზოლუციას მხარს არ დაუჭერდა და ზემოაღნიშნული სისასტიკის ჩამდენი გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი ქვეყანა ვეტოს უფლებას გამოიყენებდა.


„ამ ურთულეს გარემოში თავისუფლებისათვის მებრძოლი უკრაინა ახალ ისტორიას ქმნის, რომელიც უნდა გახდეს საფუძველი ისეთი საერთაშორისო წესრიგის ჩამოყალიბების, სადაც საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებზე მაღლა არ დადგება კონკრეტული ლიდერის პოლიტიკური ინტერესი და ერთ სახელმწიფოს არ გაუჩნდება სურვილი ხელყოს მეორე სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. აუცილებელია, ახალი შესაძლებლობების მიცემა იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც რუსეთის აგრესიული ქმედებების სამიზნეებს წარმოადგენენ. ამ კონტექსტში ნიშანდობლივია, ამა წლის 11 მარტს ევროპული საბჭოს მიერ ვერსალში მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ევროკომისიისგან მოითხოვს შეისწავლოს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, უმნიშვნელოვანესია აღნიშნული პროცესის სწრაფად წარმართვა და გეოპოლიტიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ. 
 

გაეცანით ხათუნა ბურკაძის თვალსაზრისს
 

გააზიარე: