„ჯეოქეისის“ მკვლევარი ნიკოლოზ ხატიაშვილი ნატო-ს მინისტერიალსა და ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებას აფასებს

„ჯეოქეისის“ მკვლევარის ნიკოლოზ ხატიაშვილის შეფასებით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადება და ფაქტი, რომ საქართველოსთვის დახმარების გაზრდა ნატო-ს მინისტერიალის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხია, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობასა და როლს ალიანსისთვის.
 

„მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის მხრიდან მიმდინარეობს უკრაინის უპრეცედენტო დახმარება სამხედრო, ჰუმანიტარული და ეკონომიკური მიმართულებით. ზოგიერთი ნაბიჯი, სამწუხაროდ, დაგვიანდა, მათ შორის პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის ასპექტში. ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე, ალიანსის ქვეყნები კარგად ხედავენ, რომ უკრაინის შემდეგ შესაძლოა საქართველო გახდეს რუსეთის მორიგი აგრესიის სამიზნე და აცნობიერებენ, რომ ახლა არის სწორედ ის მომენტი, როდესაც მაქსიმალურად სწრაფად და დროულად უნდა მოხდეს საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერება,“- განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.
 

ანალიტიკოსის განცხადებით, ალიანსის გადაწყვეტილებებმა შესაძლოა ახალი შესაძლებლობების ფანჯარა გაუხსნას საქართველოს და მიანიჭოს მას ისეთი მექანიზმები, რომლებიც ქვეყანას გახდის მეტად მედეგს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ.
 

„ახლა საჭიროა საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-სთან და ალიანსის წევრ სხვა ქვეყნებთან კოორდინირებული, თანმიმდევრული და აქტიური მუშაობა სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მიმართულებით. საქართველოს აქვს რეალური პოტენციალი, რომ ერთი მხრივ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ევროკავშირის ქვეყნებისთვის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების და ალტერნატიული ენერგომომარაგების გზების ჩამოყალიბების პროცესში, ხოლო მეორე მხრივ, გააძლიეროს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება ევროპის უსაფრთხოების მომავლისთვის“, - განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.

გააზიარე: