ხათუნა ბურკაძე- ევროკომისიისგან მიღებული კითხვარი საქართველოსათვის ქმნის ისტორიულ შესაძლებლობას ერთიანობითა და რეფორმებით ევროინტეგრაციის პროცესი დავაჩქაროთ

„რუსეთის სამხედრო აგრესიული  მოქმედებებისადმი უკრაინის შეუპოვრობამ და სიმტკიცემ  განაპირობა ევროკავშირის გაფართოების პროცესის ტრადიციული, პროცედურული მიდგომების შეცვლა. აუცილებელია კრემლის აგრესიული ქმედებების სამიზნე სახელმწიფოების დაცვისათვის არაორდინალური და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. ამ მიზანს ემსახურება, ვერსალის დეკლარაციის საფუძველზე, „ასოცირების ტრიოს“ მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ წარდგენილი განაცხადების შესწავლის დაწყება. ევროკომისიისგან მიღებული კითხვარი საქართველოსათვის ქმნის ისტორიულ შესაძლებლობას ერთიანობითა და რეფორმებით ევროინტეგრაციის პროცესი დავაჩქაროთ“, - ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაციაჯეოქეისისამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ განაცხადა.

მისი თქმით,  ევროპული ერთობა მნიშვნელოვანი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება თანამშრომლობის, სოლიდარობის გზით მეტი შესაძლებლობების შექმნა ეროვნული სისტემების ეკონომიკური, პოლიტიკური და სამართლებრივი განვითარებისთვის და, ამავდროულად, მათი ინტეგრაცია საერთო ფასეულობებზე დაფუძნებულ გაერთიანებაში.

„საქართველოსათვის ევროკავშირში წევრობა ნიშნავს სამართლის უზენაესობაზე დაფუძნებული დემოკრატიული ინსტიტუტების საბოლოოდ ჩამოყალიბებას და უსაფრთხო, თავისუფალი, სამართლიანი გარემოს ფარგლებში საქართველოს მოქალაქეების განვითარებისათვის, კეთილდღეობისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნას“, - აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ.

„ისტორიულად, საქართველო, როგორც ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, ყოველთვის მიისწრაფოდა და მიისწრაფვის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ. საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაცია. ჩვენი ისტორიული არჩევანი საქართველოს კონსტიტუციითაა განმტკიცებული, რაც გულისხმობს კონსტიტუციური ორგანოების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომის მიღებას ევროკავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.

„შესაბამისად, ქვეყნის უზენაესი კანონის აღსრულება მოითხოვს ძალთა კონსოლიდაციას და თვისებრივად ახალი, ინოვაციური მიდგომებით  ევროკავშირისათვის იმის ჩვენებას, რომ საქართველო პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი კრიტერიუმების გათვალისწინებით იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს კი აუცილებელი წინაპირობაა გარდამტეხი ცვლილებებისა და ქვეყნის ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად ქცევისათვის“, - დასძინა ხათუნა ბურკაძემ.

გააზიარე: