ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის" ორგანიზებით რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო და საინფორმაციო ასპექტების შესახებ ონლაინ დისკუსია გაიმართა.
ონლაინ დისკუსიას „რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო და საინფორმაციო ასპექტები" მოდერაციას უწევდა ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ მკვლევარი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ნიკოლოზ ხატიაშვილი, ხოლო მომხსენებლები გახლდნენ საგარეო პოლიტიკის საბჭოს დირექტორი და იაგელონიის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი, გრიგოლ ჯულუხიძე, ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორი, გიორგი ანთაძე.
ნიკოლოზ ხატიაშვილმა დისკუსიის დასაწყისში აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაცია რუსეთის საგარეო პოლიტიკური ამოცანების მისაღწევად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი გახდა.
„რუსეთი უკრაინასთან ომის წარმოების ყველა მეთოდს იყენებს. მასშტაბური სამხედრო მოქმედებების პარალელურად, ის აწარმოებს საინფორმაციო ომსაც. დღეს ვხედავთ, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აქტიურად იყენებს დეზინფორმაციას და პროპაგანდას,“- აღნიშნა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.
დისკუსიისას საგარეო პოლიტიკის საბჭოს დირექტორმა და იაგელონიის უნივერსიტეტის მიწვეულმა პროფესორმა, გრიგოლ ჯულუხიძემ დეტალურად მიმოიხილა რუსული დეზინფორმაციის ნარატივი და მნიშვნელოვანი ასპექტები.
„რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც 2004 წლიდან უფრო მეტ ფინანსურ რესურს გასცემს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიმართულებით, ვიდრე მეცნიერებისა და განათლების დაფინანსებაზე. რუსეთი დიდი ხანია ემზადება ამ პროცესებისთვის და მან უკანასკნელი წლების მანძილზე მოძმე ერისგან, უკრაინელებისგან შექმნა ნაცისტური წარმონაქმნის ნარატივი. სწორედ ამის შედეგია, რომ ლევადას ცენტრის კვლევების მიხედვით რუსეთის მოსახლეობის 70%-ზე მეტს მიაჩნია მიმდინარე სამხედრო მოქმედებები მართებულად-,“ აღნიშნა გრიგოლ ჯულუხიძემ
ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორმა, გიორგი ანთაძემ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან ომის ევოლუციის პროცესის შესახებ ისაუბრა.
„ფართომასშტაბიანი ომის განხორციელება თავიდანვე უტოპიური იდეა იყო, თუმცა არსებობდა მოლოდინი, რომ შოკის ფონზე მოხდებოდა უკრაინაში „იოლი გასეირნება“. მათი სცენარის მიხედვით, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ნაწილში მათ მოსახლეობა წინააღმდეგობის გაწევის გარეშე უნდა შეხვედროდა. ამ აზრს ამყარებს სწორედ ის სურათი, რომელსაც ხატავდა რუსული საინფორმაციო ნარატივი. ისინი არ მალავდნენ მძიმე სამხედრო ტექნიკის მასშტაბურ გადაადგილებას და ყველა საინფორმაციო საშუალებას ჰქონდა ამ პროცესის გადაღების, დაფიქსირების შესაძლებლობა. რეალურად გამოჩნდა, რომ ეს „დენაციფიკაციის“ პროცესი უკრაინული მხარის სერიოზული წინააღმდეგობის ფონზე, რუსული მოლოდინის საწინააღმდეგოდ წარიმართა,“- განაცხადა გიორგი ანთაძემ.
„ჯეოქეისის“ ორგანიზებით სხვადასხვა თემაზე დისკუსიების სერია კვლავ გაგრძელდება.
იხილეთ ონლაინ დისკუსია